ახალი ამბები

ნოდარ ხადური: გადამზიდავებს შეუძლიათ ბაზარზე დღესვე დაბრუნდნენ

20 მაისი, 2013 • • 1176
ნოდარ ხადური: გადამზიდავებს შეუძლიათ ბაზარზე დღესვე დაბრუნდნენ

ფინანსთა მინისტრი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მის მიერ 2013 წლის 8 მაისს გამოცემული ბრძანება გადამზიდავების საქმინობას კიდევ 7 თვით შეაფერხებს. 

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, 2013 წლის 8 მაისს გამოცემული 133-ე ბრძანებით, 25 იანვარს თავისსავე გამოცემულ 30–ე ბრძანებას აბათილებს, თუმცა ახალი ბრძანება მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ, 2013 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

 

“არავის არაფერი არ ეწელება. დღესაც აქვთ შესაძლებლობა გადამზიდავებმა დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებიც არსებობს კანონმდებლობით და ამ მოთხოვნებით იმუშავონ. არაერთი კომპანია მუშაობს ბაზარზე, არ მუშაობს მხოლოდ საქართველოს ფოსტა. ეს პერიოდი ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ინსტიტუციურად მომძლავრდეს საბაჟო და ავიღოთ ზედამხედველობა მთლიანად.“

 

ხადურის განცხადებით, მცირე და საშუალო გადამზიდავი კომპანიები ბოლო რვა წლის განმავლობაში ამ სფეროში არ მუშაობდნენ:”ამას არანაირი ნორმატიული აქტი არ არეგულირებდა. ამას არეგულირებდა ერთი ტელეფონი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ სამართლებრივ სივრცეში და ვამბობთ, რომ ეს პერიოდი არის საჭირო იმისათვის, რათა პროცედურები დავალაგოთ. მაგრამ, ამავე დროს, ვინც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს იმუშაოს ბაზარზე, შეუძლიათ დღესვე დაბრუნდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღესაც მუშაობენ კომპანიები, არ მუშაობს მხოლოდ ფოსტა.” 

 

გადამზიდავი კომპანია “სტარ გრუპი” ბაზარზე დაბრუნებას მეხუთე თვეა უშედეგოდ ცდილობს. კომპანიის ხელმძღვანელი თეა მაჭავარიანი ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრი ახალი ბრძანებით დროს წელავს:

 

“დროში გაიწელება ეს პროცესი. კანონის მიღებას თუ 6 დღე დასჭირდა, გაუქმებას 8 თვე რატომ სჭირდება? ეჭვი მაქვს, აქ არის კორუფციული გარიგება. “საქართველოს ფოსტის” გარდა ბაზარზე ვერავინ ვერ უნდა იმუშაოს. არ მჯერა, რომ 8 თვის შემდეგ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცემა. რა გარანტია არის, რომ ფინანსთა მინისტრი რაიმე ახალ ბრძანებას არ გამოსცემს.”

 

2013 წლის თებერვლიდან კომერციული ტვირთების ბაზარზე “საქართველოს ფოსტა” ერთადერთი გადამზიდავია. 

 

“საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ ახალი ბრძანებით “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილები შედის, რომლის თანახმადაც, გადამზიდავები შემოსავლების სამსახურის „ასიკუდას“ პროგრამას დაბრკოლების გარეშე მიუერთდებიან და ბაზარზე 2014 წლის 1 იანვრიდან დაბრუნდებიან.

 

“8 მაისის ბრძანებით ფინანსთა მინისტრი, ფაქტობრივად, აუქმებს 25 იანვრის ბრძანებას, მაგრამ ეს გაუქმება ძალაში შედის 2014 წლის 1 იანვრიდან. მანამდე ყველა ეს რეგულაცია, რაც იყო 25 იანვრის ბრძანებით მიღებული, რჩება ძალაში, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ეს მეწარმეები კიდევ 7 თვის განმავლობაში ბაზარზე ისევ ვერ დაბრუნდებიან. თუ 25 იანვრის ბრძანება არის კანონსაწინაააღმდეგო, მაშინ გაუგებარია, რატომ ვინარჩუნებთ მას ამ ხნის განმავლობაში?!” – ამბობს ნათია კუტივაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი