ახალი ამბები

ჰამერბერგი: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა უნდა განადგურდეს

20 მაისი, 2013 • • 1083
ჰამერბერგი: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა უნდა განადგურდეს

როგორც ჰამერბერგმა დღეს, 20 მაისს “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთ–ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ განგაშის ზარებს შემოჰკრან.

“ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების ასახვა არაკანონიერად და შანტაჟის მიზნით ძალიან სერიოზული დანაშაულია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და კიდევ არსებობს სხვა ჩანაწერებიც. საკმაოდ დიდი რაოდენობა ამგვარი ჩანაწერებისა შს სამინისტროშია შენახული. სამწუხაროდ, არსებობს დადასტურებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ჩანაწერი შეიძლება არის გატანილი და გაჟონილი. ამ საკითხზე ამჟამად თბილისში დისკუსია მიმდინარეობს.  ამ საკითხთან დაკავშირებით მოსმენა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტებშიც. მიდის დიალოგი იმისათვის, რომ შემუშავდეს კანონი, რომელიც ამ სიტუაციას მოაგვარებს. უნდა მოხდეს არსებული ჩანაწერების განდაგურება იმგვარად, რომ აღარასოდეს ამოტივტივდეს”, – განაცხადა მან.

ჰამერბერგის თქმით, ზოგადად საჭიროა, რომ საგამოძიებო უწყებების მხრიდან გამოძიების პროცესში ეჭვმიტანილის თვალთვალის პროცესის სამართლებრივი რეგულირებაც განხორციელდეს. თვალთვალი მხოლოდ კანონის ფარგლებში, მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა იყოს დაშვებული. როდესაც საგამოძიებო პროცედურა დასრულდება, პირს, რომელსაც გამოძიება უთვალთვალებდა, უნდა ეცნობოს ამ ფაქტის შესახებ და უნდა მოხდეს მისი საქმის კურსში ჩაყენება იმის თაობაზე, რომ თვალთვალი შეწყდა. ამასთან, უნდა განადგურდეს ის მასალა, რომელიც გამოძიებას არ სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი