ახალი ამბები

“იდენტობა”: მასობრივი ტერორი დაიწყო

20 მაისი, 2013 •
“იდენტობა”: მასობრივი ტერორი დაიწყო

“ამ ხალხზე უკვე ნადირობენ. პოლიციამ უნდა შექმნას პრეცედენტი და ვინმე დააკავოს, რომ სხვები გაჩერდნენ, თორემ ეს ძალადობა არ წყდება და შესაძლოა ვინმე მოკლან კიდეც”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ირაკლი ვაჭარაძემ. მან ფეისბუქში გამოაქვეყნა ინფორმაცია ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებ:

 

“აი, რა ხდებოდა პარასკევის შემდეგ:

 

1. ა.-ს შხარასთან საღამოს 17-ში დახვდნენ ბიჭები, თავი მოაჩვენა, რომ იყო უცხოელი. არ უშველა. ადგილზე სცემეს ჯგუფურად. ამის შემდეგ 18-ში ბუკიას ბაღში დაუხვდნენ, თმებზე ცეცხლი წაუკიდეს ჰომოფობიური შეურაცხყოფების ფონზე.

2. “იდენტობის” თანამშრომელ ქალს მაკდონალდსთან ეჯახებოდა ჯიპი, მერე გადმოუხტნენ და ცემასაც უპირებდნენ.

3. დ.-ს და თ.-ს (გოგოებს) ქაშვეთის წინ  3 საათზე გაეკიდა ბრბო, 17–ში, დაიჭირეს, ფეხებს შუა და ზურგზე ურტყამდნენ წიხლებს კაცები.

 

4. ბ.ს- პოპულში შეასწრო იდენტობას ორმა წევრმა. მხოლოდ ომბუდსმენის და ელჩების მისვლის შემდეგ შეძლო პოლიციამ გამოყვანა. წვერი გაპარსეს, პოპულის თანამშრომლის ფორმით გამოაპარეს.

 

5. 18-ში, 6 საათისთვის ნ. (ქალი) მგზავრობდა სამარშრუტო ტაქსით, მარჯანიშვილის მეტროსთან ჩამოიყვანეს, ქურდულად გაურჩიეს საქმე, ხელი მოუქნიეს დასარტყმელად ორჯერ. პატრულს დაუძახა, მაგრამ ეს ჯგუფი გაუშვა პატრულმა, ვერ ვიცნობთო. 17-შიც დაახლოებით იგივე მოუვიდა დაახლოებით 3 საათისთვის. 

6. ზოგადად, თანამშრომლებს უჯანყდებიან მეზობლები, ოჯახებში მიდიან და მორალს უკითხავენ. იქცევიან აგრესიულად”.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და ჰკითხა, რას აკეთებს სამართალდამცავი უწყება აღნიშნული ფაქტების აღსაკვეთად. სამინისტროსგან “ნეტგაზეთმა” მიიღო სტანდარტული პასუხი, რომელსაც ვიღებთ 17 მაისის შემდგომ: “მიმდინარეობს გამოძიება. თუ ახალი ინფორმაცია გვექნება, დაგირეკავთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი