შინაგან საქმეთა სამინისტროს “ნეტგაზეთი” დღეს, 20 მაისს დაუკავშირდა და კვლავ მოითხოვა ინფორმაცია, არიან თუ არა დაკავებულები ან დაკითხულები ამ საქმეზე და რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თუ რაიმე განცხადება ექნება შსს-ს გასავრცელებელი, აუცილებლად გამოაქვეყნებს მას.
დაკავებულთა ან დაკითხულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავაც, რომელიც 17 მაისის კონტრაქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. გიორგი გაბედავა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ეწინააღმდეგებოდა.
მისივე თქმით, შსს-ში 17 მაისს განვითარებული მოვლენების გამო არც ის და არც მისი არც ერთი ნაცნობი დაბარებული არ ყოფილა.
“თუ დამიბარებენ, სიამოვნებით წავალ,”- ამბობს ის.
გიორგი გაბედავა ასევე აცხადებს, რომ პეტიციისთვის, სადაც მოქალაქეები მოძალადეების დასჯას ითხოვენ, ხელი არ მოუწერია.
“მე ხელი არ მომიწერია არაფრისთვის. პირველად მესმის ასეთი პეტიციის შესახებ. თუმცა წინააღმდეგი არ ვარ, რომ მოძალადეები დაისაჯონ,”- ამბობს გაბედავა.
პეტიცია, სადაც მოქალაქეები მიმართავენ საქართველოს პრემიერ- მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კანონის შესაბამისად დაისაჯონ 17 მაისის მოვლენების დროს ის ადამიანები, ვინც ძალადობა ჩაიდინა, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა. აღნიშნული პეტიცია გიორგი გაბედავას სახელითაც არის ხელმოწერილი.