საპროტესტო აქცია 1 საათს გაგრძელდა და მას 20-მდე ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ lgbt სიმბოლო – დროშა ცისარტყელას

ფერებით, ასევე ტრანსპარანტები წარწერით: ”დაისაჯონ მოძალადე მღვდლები”, ”Georgia is theocracy, not democracy”.
საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტომასალა და მონაწილეთა მოსაზრებები ”ნეტგაზეთს” ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ნასყიდაშვილმა მოაწოდა.
“17 მაის რაც მოხდა, ჩვენი აზრით, ეს იყო ყოვლად უმსგავსო საქციელი და არ შეეფერება არც კულტურული და ცივილიზებული ერის საქციელს, არც შემდგარი სახელმწიფოს საქციელს, ანუ აქ ორი მომენტია: იმ ბრბომ, რომლებმაც ბარბაროსობა ჩაიდინეს, ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ჩვენმა სახელმწიფომ არ უზრუნველყო ამ ადამიანების, პირველ რიგში, დემონსტრანტების სათანადო დაცვა, იმის შესაძლობლობა, რომ მათ განეხორციელებინათ შეკრების თავისუფლება და მეორე მხრივ, არ დააკავა ის ადამიანები, რომლებაც ჩაიდინეს დანაშაული. ამ შემთხვევით იკვეთება ის, რომ საქართველო არის თეოკრატიული სახელმწიფო, იმიტომ, რომ მღვდლები და საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან ხელშეუხებელნი და ჩვენს პოლიციას არ ძალუძს, რომ თუნდაც კრიმინალი მღვდლის წინააღმდეგ, რომელიც სკამს ურტყამს მოქალაქეს, განახორციელოს რამე ქმედება და აღკვეთოს ეს ქმედება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ესექსის უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან ასათიანმა. მისივე თქმით, ლონდონში საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ იმიტომ, რომ მოითხოვონ, უპირველეს ყოვლისა, დამნაშავეების დასჯა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელება იმისთვის, რომ საქართველოში მეტი გაკეთდეს ტოლერანტობის, შემწყნარებლობის და თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. ლევან ასათიანის მოსაზრებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ თავის სიტყვა უთხრას ეკლესიას და გააგებინოს, რომ ის არ არის სახელმწიფო სტრუქტურა, ის არის დამოუკიდებელი და ის არ უნდა ერეოდეს საქართველოს სახელმწიფო საქმეებში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტის, ანა კვინტრაძის განცხადებით კი, ის აპროტესტებს ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევას: ”ვაპროტესტებ იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვის უფლებაზეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ თუ ყველა ადამიანი თანასწორია, მაშინ ეს თანასწორობა ვრცელდება ყველაზე. არ უნდა იყოს შერჩევითი და სელექციური თნასწორობის ცნება და უნდა ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე. ასევე ვაპროტესტებ იმას, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო კანონის ფარგლებში დაეცვა საკუთარი მოქალაქეები და ვთხოვ ხელისუფლებას, მოახდინოს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს არ იქნება ხელისუფლება, მმართველი ძალა, იმიტომ, რომ მას წაერთმევა ძალაუფლების გამოვლენის შესაძლებლობა ქვეყანაში, თუ ის სხვა დაჯგუფებებს, იქნება ეს ეკლესია თუ პარამილიტარული დაჯგუფება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, როცა ძალადობას ჩაიდენს, ხელისუფლება არ იმოქმედებს, ეს არის ძალიან დიდი სისუსტე”.
ლონდონში გამართულ აქციაში მონაწილეობდა გლოსტერშილის უნივერსიტეტის სტუდენტი თეონა წილოსანი, რომელმაც

განაცხადა:”დღევანდელი აქციით ჩვენ ვაპროტესტებთ აგრესიას, რომელიც მოხდა 17 მაისს საქართველოში. ის, რაც მოხდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ საზოგადოებამ არ დაგმოს და არ გააპროტესტოს. ჩვენ დღეს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, თუ როგორი სახელმწიფო შეიძლება ჩამოვაყალიბოთ. ასევე მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს დროული და ადეკვატური გადაწყვეტილება და დასაჯოს ყველა ის პირი, რომელიც, როგორც ჩვენ დავინახეთ, აგრესიულად იყო მიმართული მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ”.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს საელჩოში დატოვეს მიმართვის ტექსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მიმართვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებლ სამეფოში, მის ბრწყინვალება ქალბატონ თამარ კაპანაძეს,
”ჩვენ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აღშფოთებას გამოვთქვამთ 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა (ფიზიკური თუ სიტყვიერი), რომელიც, სამწუხაროდ, განხორციელდა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს თითოეული ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოსთვისა და მისი ხელისუფლებისთვის. ამასთანავე, გვსურს ხაზი გავუსვათ ჩვენს შეშფოთებას, პირველ რიგში, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების, ძალადობის წაქეზებისა და ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობის გამო; აგრეთვე, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური და ლგბტ თემის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, რაც აღნიშნული ძალადობის ნაწილობრივ ლეგიტიმაციას ახდენს საზოგადოების თვალში. მოვითხოვთ, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც გამოირჩეოდნენ მსგავსი განცხადებებით და ემხრობოდნენ ლგბტ აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში.
მოვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს მოვლენების გამოძიება და დამნაშავეების სათანადო დასჯა. აღიძრას საქმე და სათანადოდ დაისაჯონ ის სასულიერო პირები, ვინც უშუალოდ მოუწოდებნდენ მრევლს ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმისკენ და ამავე დროს, თავად იღებდნენ მონაწილეობას ძალადობაში. გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და იმედს გამოვთქვამთ, რომ სასულიერო პირები არ ისარგებლებენ განსაკუთრებული პრივილეგიებით გამოძიების მსვლელობისას.
სამწუხაროა, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სახელმწიფომ ვერ შეძლო, სათანადოდ დაეცვა საკუთარი მოქალაქეები და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მათი ფუნდამენტური უფლებები. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრები ნათლად ადასტურებს, რომ პოლიციამ მინიმალური წინააღმდეგობა გაუწია ანტიდემონსტრანტებს და ხალხის უმართავ მასას ლგბტ აქტივისტებთან მიახლოების საშუალება მისცა, რასაც შედეგად მოჰყვა განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა. შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება არა მხოლოდ მოძალადე პირების მიმართ, არამედ დაიწყოს მოკვლევა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ ვერ მოხერხდა პოლიციის წარმომადგენლების მიერ მართლწესრიგის უზრუნველყოფა და ძალადობის პრევენცია.
იმედს ვიტოვებთ, რომ სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებით საქართველოს ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია კანონის წინაშე და რომ კანონის უზენაესობა, და არა რომელიმე რელიგიური აღმსარებლობა, არის დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველი”.