ახალი ამბები

განათლების სამინისტრომ 260 000 ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

11 სექტემბერი, 2017 • 2130
განათლების სამინისტრომ 260 000 ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს განათლების სამინისტრომ  260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ვაშლი მოსწავლეებმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიიღონ, ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ ქ. თბილსის 10 საჯარო სკოლაში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური.

სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება, ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლს მიწოდება.

“ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრ, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე. უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, ქ. თბილისის 10 საჯარო სკოლაში; სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი; მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში).

მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში – 20 000;
მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში – 20 000 ერთეული ;
ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი;
სასწავლო კვირის რაოდენობა I სემესტრში – 13 კვირა.

ვაშლი კვირაში ერთხელ მიწოდებული უნდა იქნას ქ. თბილისის 10 საჯარო სკოლაში:

1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),
5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42),
10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).

მასალების გადაბეჭდვის წესი