ტელეკომპანია “ევრიკა” საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” გადაცემებს თავისი  ეთერით აღარ გადასცემს.

 

ამ ინფორმაციას საპატრირქოს ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ არჩვაძე ადასტურებს: “რამდენიმე დღის წინ მივიღეთ “ევრიკას” გენერალური დირექტორის შეტყობინება, რომ, სავარაუდოდ, 20 მაისიდან ეს ტელეკომპანია ჩვენი გადაცემების რეტრანსლირებას შეაჩერებდა.”

 

თამარ არჩვაძის ინფორმაციით, ტელეკომპანია “ევრიკას” და “საპატრიარქოს ტელევიზიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულება არხის ეთერით სარგებლობის შესახებ 2013 წლის 1 მაისს ამოიწურა:”ხელშეკრულება 2008 წელს გავაფორმეთ და 2012 წლის 1 მაისს დასრულდა. რატომ აღარ გაგვიგრძელა “ევრიკას” ადმინისტრაციამ ხელშეკრულება, ჩემთვის მიზეზი უცნობია”.

 

თამარ არჩვაძის ინფორმაციით, “საპატრიარქოს ტელევიზიის” გადაცემების ნახვა ტელემაყურებელს “ბლექსისადის”, “სილკტივის”, საკაბელო არხების და ინტერნეტტელევიზიების მეშვეობით შეძლებენ. 

 

“ევრიკას” გენერალური დირექტორის ოთარ ჩხარტიშვილის ინფორმაციით, “ევრიკამ” “საპატრიარქოს ტელევიზიასთან” ხელშეკრულება სატელევიზიო ეთერით სარგებლობის შესახებ აღარ გააგრძელა:” ხელშეკრულების ვადა 2013 წლის 1 მაისს ამოგვეწურა. ახალი ხელშეკრულება აღარ გავაფორმეთ. “ევრიკა” კერძო პირია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. შესაძლოა ეთერი ჩვენი გადაცემებით დავტვირთოთ.”

 

ტელერადიოკომპანია “ევრიკა” 1993 წლის 21 მაისს დაფუძნდა. 2002 წლიდან არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. შემდეგ სტუდია “მაესტროსთან”გაფორმებული შეთანხმების თანახმად თბილისის მასშტაბით 25-ე დეციმეტრულ არხზე მისი პროდუქციის რეტრანსლაციას ახდენდა.    საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებასთან” ხელშეკრულება “ევრიკამ” 2008 წელს გააფორმა. 

 

ტელერადიოკომპანია “ევრიკას” 71 -პროცენტიანი წილი 2012 წლის 23 ოქტომბერს იაგო ჩოჩელმა 250 ათას ლარად ილია ინჯიაზე გაყიდა, რომელიც დღეის მდგომაროებით კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელია. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *