ახალი ამბები

უკრაინის შს მინისტრი: სააკაშვილმა ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიოს

11 სექტემბერი, 2017 • 9255
უკრაინის შს მინისტრი: სააკაშვილმა ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიოს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მოვლენების განვითარების ორი შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ. ამის შესახებ ავაკოვი ფეისბუკზე წერს.

“სასაზღვრო – გამშვებ პუნქტ შეგენზე მისვლა და რეგისტრაციის პროცედურის გავლა, ან საემიგრაციო სამსახურის დეპარტამენტში სტუმრობა”, – წერს ავაკოვი.

ავაკოვის თქმით, უმთავრესი მიზანი იყო, რომ პოლონეთი – უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შედეგად სისხლი არ დაღვრილიყო და სამართალდამცველებმა ძალა სწორედ ამიტომ არ გამოიყენეს. ავაკოვი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩდა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მიხედვით, რაც უკრაინის საზღვრის უკანონო გადალახვას გულისხმობს და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გუშინ გადაკვეთა. მიხეილ სააკაშვილს ის მხარდამჭერები დაეხმარნენ, რომლებიც საზღვარზე უკრაინის მხრიდან იმყოფებოდნენ. სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების კორდონი გაარღვიეს და იგი უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.

მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო საზღვარი ჩაკეტილი იყო.

“რუსთავი 2”-ის კადრებში ჩანს, რომ მესაზღვრე საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად ტერიტორიის დანაღმვას ასახელებდა, რაზეც სააკაშვილმა განაცხადა – “რა კომენტარი უნდა გააკეთო ამ იდიოტიზმზე?.

მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს  არაერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩასულიყო უკრაინაში. თავდაპირველად იგი კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უნდა შესულიყო უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა გადაწყვეტილება, როგორც თავად განაცხადა, შესაძლო პროვოკაციის გამო შეცვალა და უკრაინაში გამგზავრება მატარებლით გადაწყვიტა. პოლონეთიდან მიმავალი მატარებელი უკრაინამდე არ ჩასულა, რადგან უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებდნენ მატარებელს, თუ სააკაშვილი მას არ დატოვებდა. მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი