უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩდა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მიხედვით, რაც უკრაინის საზღვრის უკანონო გადალახვას გულისხმობს და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გუშინ გადაკვეთა. მიხეილ სააკაშვილს ის მხარდამჭერები დაეხმარნენ, რომლებიც საზღვარზე უკრაინის მხრიდან იმყოფებოდნენ. სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების კორდონი გაარღვიეს და იგი უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო საზღვარი ჩაკეტილი იყო.
“რუსთავი 2”-ის კადრებში ჩანს, რომ მესაზღვრე საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად ტერიტორიის დანაღმვას ასახელებდა, რაზეც სააკაშვილმა განაცხადა – “რა კომენტარი უნდა გააკეთო ამ იდიოტიზმზე?.
მიხეილ სააკაშვილმა დღის განმავლობაში არაერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩასულიყო უკრაინაში. თავდაპირველად იგი კრაკოვეცის ასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უნდა შესულიყო უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა გადაწყვეტილება, როგორც თავად განაცხადა, შესაძლო პროვოკაციის გამო შეცვალა და უკრაინაში გამგზავრება მატარებლით გადაწყვიტა. პოლონეთიდან მიმავალი მატარებელი უკრაინამდე არ ჩასულა, რადგან უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებდნენ მატარებელს, თუ სააკაშვილი მას არ დატოვებდა. მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მიმართულებით, როგორც “რუსთავი 2″აცხადებს, შეგინის სასაზღვრო პუნქტიდან წამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებიან.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.