ახალი ამბები

არა ჰომოფობიას – პროტესტი კონსტიტუციის კითხვით

18 მაისი, 2013 • 1825
არა ჰომოფობიას – პროტესტი კონსტიტუციის კითხვით

 

დღეს ბათუმში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და  საზოგადოების ერთმა ნაწილმა  17 მაისს, თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოვლენილი ძალადობა გააპროტესტეს.

 

ბათუმის „პრესკაფეს“ წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები კინტაურის ფონზე საქართველოს კონსტიტუციიდან სხვადასხვა მუხლებს კითხულობდნენ.

 

„გუშინ ქართულმა საზოგადოებამ და მსოფლიომ იხილა არნახული ძალადობის გამოვლინება ჩვენი, ასე ვთქვათ, ნაკურთხი საზოგადოების მხრიდან. მე ვთვლი, რომ ეს იყო კრახი სამოქალაქო საზოგადოების, ეს იყო კრახი ზოგადად სახელმწიფოებრიობის. ეს იყო გაუმართლებელი ქმედება,“  – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი ჩხეტიამ.

 

„პროტესტი იყო მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის მიმართ, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ქრისტიანობასთან, ჰუმანიზმთან და ა.შ.  აქციას ჰქონდა პერფორმანსული ხასიათი, წავიკითხეთ კონსტიტუცია, სადაც კონკრეტულად წერია ყოველი მოქალაქის უფლება. შესაბამისად, ირიბად მივმართავთ შსს სამინისტროს, დროული და ადეკვატური რეაგირება მოხდეს  მომხდარ ფაქტზე,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ აქციის კიდევ ერთმა  მონაწილემ ლაშა ფალავანდიშვილმა.

 

„ამ ქვეყანაში თუ მთავარი ღირებულება არ იქნება კონსტიტუცია, ყოველთვის მოხდება ის, რაც მოხდა გუშინ. კონსტიტუციას უნდა ვცეთ პატივი ყველა ჩვენგანმა. ამ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა პირველ რიგში ევალება სახელმწიფოს, მთავრობას, შსს სამინისტროს, ჩვენ ამ ადამიანებს ვუხდით ფულს და ისინი ვალდებული არიან დაიცვან ამ ადამიანების უფლებები,“ – ამბობს აქციის მონაწილე გიორგი ქათამაძე. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი