ძალადობის წინააღმდეგ აქცია გუშინ, 17 მაისს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაიგეგმა.
“დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ დამნაშავეები, პირველ რიგში სასულიერო პირები, ისინი არა მხოლოდ ძალადობის უშუალო ჩამდენნი იყვნენ, ასევე იყვნენ ორგანიზატორები მთელი ამ ძალადობის მანქანის, რომელიც შექმნეს რუსთაველის გამზირზე”– განაცხადა დღევანდელი აქციის ორგანიზატორმა სანდრო ლომინაშვილმა.
ძალადობის საწინააღმდეგო აქციას ნიდერლანდების სამეფოს ელჩი შეუერთდა
დღევანდელ აქციაზე მობილიზებული იყო პოლიცია. სახელმწიფო კანცელარიასთან იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, რომელიც შეუთანხმდა ორივე აქციის ორგანიზატორს, რომ ერთმანეთს არ მიუახლოვდებიან და დაიცავენ დისტანციას.
“ეროვნული ფრონტის” წარმომადგენელებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებებით. აქციაზე რამდენჯერმე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, დაახლოებით 5 საათისთვის აქცია მშვიდობიანად დასრულდა.
17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია–ფლეშმობი ვერ შედგა. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მებრძოლებს სასულიერო პირები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქციის მონაწილეებს დაედევნენ.