“ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესია სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რამდენადაც კარგად გვესმის, რომ 15 მაისის ინტერრელიგიურმა განცხადებამ, რომელსაც ხელისმოწერით შევუერთდით, ვერ ითამაშა ჯეროვანი როლი დღევანდელი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია–ფლეშმობი ვერ შედგა. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მებრძოლებს სასულიერო პირები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქციის მონაწილეებს დაედევნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებმა 15 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადება გაავრცელეს. 16 მაისს საქართველოში ევანგელურ–ბაპტისტურმა ეკლესიამ კი განმარტება გაავრცლა იმ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ერთი დღით ადრე გაავრცელეს.
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის განმარტებაში ვკითხულობთ:
“გუშინ გავრცელდა ორი წერილი: ერთი, მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილის განცხადება და მეორე, საპატრიარქოს წერილი, რომელსაც სხვა რვა რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად ბაპტისტური ეკლესიაც აწერს ხელს. ეს ორი წერილი პათოსით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რამაც გააჩინა შეკითხვები. ამიტომაც გაწვდით პროცესში ჩართული ეპისკოპოსების კომენტარს მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში:
1. ჩვენი ეკლესიის მიდგომასა და დამოკიდებულებას საკითხის მიმართ სრულად ასახავს მთავარეპისკოპოსის წერილი.
2. საერთო წერილს შევუერთდით იმის გამო, რომ აქაც დაგვეფიქსირებინა, რომ ჰომოსექსუალებს, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, აქვთ სრული უფლება იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ და არავის აქვს უფლება მათ და ზოგადად ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევისა.
3. როგორც ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება დაიცვან თავიანთი უფლებები, ასევე აქვთ უფლება სხვებსაც, მშვიდობიანი გზით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმის მიმართ.
4. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვერსია, რომელიც საპატრიარქომ შემოგვთავაზა, დრამატულად იქნა შეცვლილი, საპატრიარქოს არ ჰქონია ახირება, რომ მაინცდამაინც თავის ვერსიაზე ყოფილიყო ხელმოწერები და სრულად გაითვალისწინა ყველა ეკლესიის აზრი. რა შესწორებაც ჩვენ მივაწოდეთ, უსიტყვოდ და კეთილსინდისიერად ჩართეს წერილში.
5. ამ განცხადების ტექსტი სრულად არ არეკლავს ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ (მალხაზის წერილი არის ჩვენი პოზიციის სრული გამოხატვა), მაგრამ ჩვენი ხელმოწერა არის სოლიდარობის ნიშანი იმ ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რომლებიც მოწადინებულნი არიან ძალადობის გარეშე, მშვიდობიანი გზით გამოხატონ აზრი და დადგნენ თავიანთი რწმენის და ღირებულებების სადარაჯოზე”.