აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკა ცერცვაძე ამბობს, რომ აქციის დაწყებამდე მათთან მივიდა ოთხი უცნობი პირი, რომლებიც მამა სტეფანეს მრევლად გაეცნენ:
“ფეისბუქის” საშუალებით დავაანონსეთ აქცია და რამდენიმე წუთით ადრე შევიკრიბეთ, რომ პლაკატები მოგვემზადებინა, მოვიდნენ უცხო პირები და შეურაცხყოფის მოყენება დაგვიწყეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა”, – აცხადებს მაკა ცერცვაძე.
ამ დროისთვის ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი, ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციაში ოცამდე ადამიანი მონაწილეობს, თუმცა იქვე იმყოფებიან მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ დაძაბულობა ამ ეტაპზე განმუხტულია.
დღეს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით ქუთაისში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე – კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ, რომელშიც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო უფლებადამცველი თამარ გურჩიანი. იგი ამ დროისთვის მესხიშვილის თეატრთან იმყოფება, სადაც აქცია მიმდინარეობს.
“თბილისმა ძალიან ცუდი მაგალითი მისცა რეგიონებს, როცა აჩვენა, რომ სასულიერო პირებთან ერთად ძალადობა ლეგიტიმური არის. სამწუხაროა, რომ ანალოგიური მოხდა ქუთაისში და ადამიანებმა ჩათვალეს, რომ სხვისი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა შეუძლიათ,” – განაცხადა თამარ გურჩიანმა.
20:00 – აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრიდან პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ გაშალეს ტრანსფარანტები. მათ გამოჰყვნენ კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც იქვე დგანან.
აქციის მონაწილეებთან მივიდა პარლამენტის წევრი თამარ კორძაია.
“თუ აქცია არის მშვიდობიანი და არ ცდება კანონის ფარგლებს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს, თუმცა როცა ადამიანებს მოყვებიან, თუნდაც ჩუმად იმის საჩვენებლად, რომ არ მოსწონთ ეს აქცია, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც მოხდა თბილისში, ეს არის ჩუმი ძალადობა. მთავარია ეს გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომ ჩვენ დღეს ვნახეთ რა ხდებოდა თბილისში, რა დიდი აგრესიაა ხალხში და ეს არის ყველაზე სამწუხარო შედეგი, რაც შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანას ჰქონოდა”, – აცხადებს თამარ კორძაია.