“2013 წლის 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის“ და მათი მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია იყო დაგეგმილი. პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.
სამწუხარო პარადოქსია, რომ სწორედ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე გახდა საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო, რომ ერთსა და იმავე ადგილზე უნდა გამართულიყო პარალელური აქცია, ასევე იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გაკეთებული იყო კორდონი, პოლიციამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება. ლგბტ უფლებადამცველები და მათი მხარდამჭერი აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უსაფრთხოების მიზნით მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გაიყვანეს ადგილიდან. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 17 პირი, 12 გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ შორის საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი. დაშავებულთა შორის არის რადიო “ფორტუნას” ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებმა პარალელურად სცადეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის” ოფისის დარბევაც.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად მცდელობისა, ვერ უზრუნველყო სათანადო ღონისძიებების გატარება, რაც უზრუნველყოფდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების აქციის ჩატარებას. გავრცელებული კადრებიდან აშკარაა, რომ პარალელური აქციის მონაწილეები, მათ შორის სასულიერო პირები, იყვნენ იმთავითვე აგრესიულად განწყობილი, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს. მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ აქციის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება იყო, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსტრემიზმისა და სიძულვილის გამოვლინებას. ისინი მიზანმიმართულად მისდევდნენ სამარშუტო მიკროავტობუსებს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეების გაყვანას ცდილობდნენ. შესაბამისად, აშკარაა, რომ პარალელური აქცია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან. უფრო მეტიც, პარალელური აქციის მონაწილეები აშკარა აგრესიით გამოირჩეოდნენ ინციდენტის ადგილზე საგანგებოდ მისული სახალხო დამცველის მიმართ და რომ არა სამართავდამცავების სათანადო ძალისხმევა, მის უსაფრთხოებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა. ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აქციის წარმომადგენლები დაშლას არ აპირებენ.
საქართველოს კანონის, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, როდესაც ადგილი აქვს ძალადობის პროპაგანდას, ან ხდება კანონის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევა, შეკრება და მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა სასწრაფოდ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და დააყენოს აქციის ორგანიზატორების და იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წერსიგის დარღვევა”.