ახალი ამბები

ვახუშტი მენაბდე: პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას

17 მაისი, 2013 •
ვახუშტი მენაბდე: პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცახდებით, პოლიციის ქმედება ადეკვატური არ იყო: “ვერ უზრუნველყო პოლიციამ აქციის მონაწილეების სურვილის რეალიზაცია. ადგილი ჰქონდა ძალადობას. არ შეიძლება ამ შემთხვევაში შევაფასოთ პოლიციის ქმედება ადეკვატურად.“

 

მობილიზებული პოლიცია
მობილიზებული პოლიცია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდეც აცხადებს, რომ 17 მაისის აქციაზე პოლიციამ ვერ შეძლო დემონსტრანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა:   

 

“პოლიცია იყო სრულიად არაადეკვატური. მათ ჰქონდათ ინფორმაცია  დემონსტრანტების და კონტრდემონსტრასტების კონკრეტული რაოდენობის შესახებ. შეეძლოთ უსაფრთხოების ყველა ზომის მიღება. თუმცა კონკრეტულ მომენტში პოლიცია აღმოჩნდა უუნარო, დაეცვა წესრიგი და დაეცვა ადამიანები ძალადობისგან. ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას. კონტრდემონსტრანტებმა რიგ შემთხვევებში შეძლეს პოლიციის კორდონის წინააღმდეგობის გარეშე გარღვევა.“

 

 იურისტი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, აქციის დროს ადამიანების ჯგუფი დაზარალდა:   

 

„ამ აქციის შედეგად, ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების უფრო მეტი ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. მაგრამ არსებობს ასევე საუბრები იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდანაც იყო გამოყენებული კომენტარები და  აქციის მიმდინარეობისას უშუალო ჰომოფობიური გამონათქვამები. ამას, ბუნებრივია, შესწავლა სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორ მოიქცევიან  ხელისუფლების წარმომადგენლები.  პოლიცია, რომელიც ასეთი მნიშვნელობის აქციაზე არის წარმოდგენილი და იცავს მოქალაქეთა ინტერესებს, უნდა იყოს ძალიან შორს ჰომოფობიისგან. მათ უნდა ჰქონდეთ იმდენად მაღალი ცნობიერება, საზოგადოებრივი მართლშეგნება, რომ ჰომოფობიური გამონათქვამები არ იყოს მათი მხრიდან დაშვებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ახდენს ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებას.  რამდენად დაიცვა პოლიციამ და რამდენად მაღალი იყო მოქალაქეთა დაცვის ხარისხი, ეს არის ერთი მხარე და მეორე, რომ ჰომოფობიურ გამონათქვამებზე მიმდინარეობს საუბარი. მოქალაქეები ამბობენ, რომ ასეთი რამ მათ მოისმინეს აქციის მიმდინარეობისას. ეს არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთერბით ოფიციალური პირებისგან და პოლიციის მხრიდნ, ეს არის დაუშვებელი.“

 

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია პოლიციელთა მცირე რაოდენობაც ყოფილიყო საკმარისი, მთავარია, როგორ იყო ორგანიზებული აქცია: “პოლიციას იმისი სურვილი ჰქონდა, რომ აქცია ჩატარებულიყო მშვიდობიანად და მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ. შედეგი დადგა სხვაგვარი და ამიტომ მეტი ძალისხმევა იყო ხელისუფლების მხრიდან საჭირო, რომ ეს არ მომხდარიყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი