ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო – სატრანზიტო ქვეყანა სომხეთის მოქალაქეებისთვის

6 სექტემბერი, 2017 • 3631
საქართველო – სატრანზიტო ქვეყანა სომხეთის მოქალაქეებისთვის

საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა სომხეთის მოქალაქეებისთვის

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო სომხეთის მოქალაქეებისთვის არა მხოლოდ დასვენებისა და მოგზაურობის ადგილია, არამედ სატრანზიტო ქვეყანა, საიდანაც სომხეთის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობენ.

“ჯერ კიდევ 2015 წელს აღმოვაჩინეთ, რომ ასობით კლიენტი გვეყოლებოდა, თუ ქართულ ავიაკომპანიებთან ვითანამშრომლებდით. შეხედეთ, იმავე წლის ივლისში ერევნიდან ბარსელონამდე და უკან, ბილეთებს 850 ევროდ ვყიდდით, ხოლო თბილისიდან 427 ევრო ღირდა. ერევნიდან პარიზამდე და უკან, ბილეთები 594 ევრო ღირს, თბილისიდან – 374. დღესაც სხვა უამრავი მიმართულების ჩამოთვლა შემიძლია. თითქმის ყველა მიმართულებით დაახლოებით 30%-იანი განსხვავებაა სომხეთში და საქართველოში ნაყიდ ბილეთებს შორის. ამიტომაც ჩვენი გასვლითი ტურების ორგანიზება საქართველოდან ხდება. მიმდინარე წელს საქართველოდან დაახლოებით ათასი ტურისტი გავუშვით. ჩვენები განსაკუთრებულად საბერძნეთს ირჩევენ,” – გვითხრა სომხეთის ერთ-ერთი ავიაკომპანიის დირექტორმა, რომელმაც წარდგენა არ ისურვა.

სომხეთში არსებული სხვა ტურისტული კომპანიების მონაცემებითაც, სომხეთში ავიაბილეთების თითქმის გაორმაგებული ფასის გამო ბოლო 4 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ წასვლა მესამე სატრანზიტო ქვეყნით – საქართველოს გავლით ურჩევნიათ.

“მე საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ. ჩვენს სამ კოლეგას თბილისში სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრა გვქონდა, შემდეგ უნდა წავსულიყავით მილანში, ამიტომაც გადავწყვიტეთ, თბილისიდან პირდაპირ მილანში წავსულიყავით. ამ გზით დიდი თანხის ეკონომია გავაკეთეთ, ხოლო ამ ფულით, არ დაიჯერებთ და, მილანში სასტუმროს სამი ნომერი ვიქირავეთ,” – ამბობს აშოტ გრიგორიანი.

სომხეთის მოქალაქეების დასასვენებელი ადგილების პრიორტეტები შეიცვალა

რამდენადაც სომხეთის მოქალაქეები საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად სულ უფრო ხშირად იყენებენ, იმდენადვე გაიზარდა იმ დამსვენებელთა რიცხვი, ვისაც საქართველოს ზღვის კურორტებზე ჩამოსვლას, მაგალითად, საბერძნეთის ზღვაზე დასვენება ურჩევნია.

“ტურისტულმა კომპანიებმა შემომთავაზეს საბერძნეთში საქართველოს გავლით წასვლა, თუმცა ვერ შევძელი, ჩემს შვილს გაუჭირდებოდა ტრანზიტით მგზავრობა. საბოლოოდ ერევნის რეისი ავირჩიე, თუმცა ძვირიც გადავიხადე – 3 ათას დოლარზე მეტი სამ ადამიანზე. პაკეტში ავიაბილეთები და All Inclusive 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შედიოდა”, – ამბობს სომხეთის მოქალაქე აშოტი.

მისი თქმით, საბერძნეთის კუნძულებზე ბევრ სომეხს შეხვდა, როგორც საქართველოს პლიაჟებზე ხდება ხოლმე. აშოტი ამბობს, რომ აღარასდროს დაისვენებს საქართველოში, რადგან ცოტა მეტი ფულის დამატებით შეუძლია ბათუმზე უკეთესად დაისვენოს.

ნეტგაზეთმა სომხეთის ტურისტულ კომპანიებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 2017 წელს სომხეთის მოქალაქეები დასასვენებლად ყველაზე ხშირად საბერძნეთს, ესპანეთს, ბულგარეთს, ეგვიპტესა და დუბაის ირჩევდნენ.

“ბულგარეთში ორჯერ ვიყავი, საინტერესო ადგილია დასასვენებლად. პლიაჟები სუფთაა, ქვიშისაა, ბევრი ახალგაზრდული გასართობია. ერთი სიტყვით, თუ ახალგაზრდა ხართ და ცოტა ფული გაქვთ, შეგიძლიათ ბულგარეთს ესტუმროთ. ჩემთვის საქართველოში დასვენება უკვე დასვენება აღარაა, იქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. ის ყურისძირშია და ნებისმიერ დროს შემიძლია მანქანით რამდენიმე საათში ჩავიდე. ამან დამღალა. წელს ფული შეზღუდულად მქონდა და ორი არჩევანი მქონდა, ან საქართველოში უნდა წავსულიყავი, რაც გამოვრიცხე, ან ბულგარეთში. ბულგარეთში ნამყოფი ვარ, ამიტომ საბერძნეთში წავედი. მართალია, იქ შედარებით მეტი დავხარჯე, მაგრამ წელიწადში ერთხელ ასეთი დასვენების უფლებაც მივეცი თავს,” – ამბობს ვარო რაფაელიანი.

“აღარ მინდა საქართველოში დასვენება, მომსახურების ხარისხმა დაიწია, სანაპიროები ბინძურია. წელს ჩემი მეგობრები ურეკში იყვნენ და მომიყვნენ, როგორ ჩაწვნენ სილაში და როგორ მოხვდნენ სიგარეტის ნამწვავებში. ეს არაა სასიამოვნო. თუ ფული გყოფნის, ეგვიპტეში უნდა წახვიდე,” – ამბობს მიხაილ მოშენკო.

ამის მიუხედავად, სომხეთში მაინც ბევრია ისეთი, ვინც ზაფხულის სეზონს საქართველოს საზღვაო კურორტებზე ატარებს.

ტურისტული კომპანიების სტატისტიკით, ყოველწლიურად ათობით ათასი სომეხი ბათუმში, ურეკსა და ქობულეთში ისვენებს.

სომხეთის სახელმწიფო ტურისტული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხაკ აპრესიანმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოს სომხეთიდან 160 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.

“საქართველო ჩვენთვის ხელმისაწვდომი ქვეყანაა. მატარებლით ან მანქანით მოგზაურობით ნაკლებ ფულს ვხარჯავთ. თუ გადავხედავთ მონაცემებს, ნათელი ხდება, რომ საქართველო ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა. სომხებს ურჩევნიათ ქვეყანა, რომელიც საზღვაო დასვენებას სთავაზობს. ბოლო წლების მაჩვენებლების მიხედვით, ისინი ასევე საბერძნეთში, კვიპროსზე, შრი-ლანკაში, ბულგარეთში, შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაზე და სხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში დადიან. ეგვიპტეს და დუბაისაც ბევრი ადამიანი სტუმრობს, ” – ამბობს აპრესიანი.

აპრესიანმა ასევე წარმოგვიდგინა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს 1 მილიონ 496 ათასი ადამიანი გადავიდა სომხურ-ქართულ საზღვარზე, რომლიდანაც მხოლოდ 331 ათასი ადამიანი გაჩერდა 24 საათზე მეტ ხანს.

“სომხები საქართველოში ხშირად საყიდლებზე, ან, ვთქვათ, საქმიანი შეხვედრებისთვისაც ჩადიან, რის გამოც რთულია ზუსტ ციფრებზე საუბარი” – ამბობს აპრესიანი.

რატომ არ სურთ დასვენება სომხეთშივე?

სომხები, რომლებიც ყოველ წელს საზღვარგარეთ ისვენებენ, ერთსულოვნად ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარგარეთ დასვენება უფრო შეღავათიანია, ვიდრე სომხეთში.

“200 ათასი დრამით (400 აშშ დოლარი) ეგვიპტეში ერთი კვირით დავისვენებ: ფასი მოიცავს კვებას, სასტუმროს, ავიაბილეთებს. მოკლედ, ყველაფერს. ჩვენს სევანზე დასვენებაში დღეში 100 აშშ დოლარს ვხარჯავ,” – ამბობს სომხეთის მოქალაქე არო მარტიროსიანი.

როგორ ვითარდება ტურიზმი სომხეთში?

2003 წლიდან სომხეთის მთავრობას ტურიზმი ეკონომიკის დომინანტურ სექტორად აქვს აღიარებული. ტურიზმის შედეგად მიღებული შემოსავლებით დაგეგმილი იყო მშპ-ს გაზრდა, რეგიონის დაბალანსებული განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება, სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების გაზრდა.

სომხეთის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში სომხეთში შემომსვლელთა რაოდენობა 24.2% -ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველაზე ხშირად სომხეთს რუსი, ქართველი და ირანელი ტურისტები სტუმრობენ. საერთაშორისო ტურისტული ანგარიშის მონაცემების მიხედვით, ერთი ტურისტი სომხეთში საშუალოდ 17 დღე ჩერდება და დაახლოებით 780 დოლარს ხარჯავს.

“2017 წლის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” მიხედვით, სომხეთს, ტურიზმში 136 ქვეყანას შორის 84-ე ადგილი უკავია. ამ სიაში საქართველო 70-ე ადგილზეა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი