ახალი ამბები

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად შეკრება დაიწყეს

17 მაისი, 2013 •
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად შეკრება დაიწყეს

მათი ნაწილი უკვე შეკრებილია პუშკინის სკვერში და მათ პოლიცია იცავს. აქციის დანარჩენი მონაწილეები მათ 13.00 საათამდე შეუერთდებიან. 

 

ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ რა გზით მოვლენ აქციის მონაწილეები, პოლიციაზეა დამოკიდებული. 

 

ისინი ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ნახევარსაათიანი აქციის გამართვას თავდაპირველად რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გეგმავდნენ, თუმცა იქ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. 

 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სად გაიმართება უფლებადამცველთა აქცია. 

 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი – ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” და “იდენტობა”- თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ფლეშმობით აპირებენ.

 

17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი