ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: ჩვენ არ ვცვლით პრინციპულ საკითხს, ვცვლით ციხეს ჯარიმით

17 მაისი, 2013 •
ზაქარეიშვილი: ჩვენ არ ვცვლით პრინციპულ საკითხს, ვცვლით ციხეს ჯარიმით

აღნიშნულ კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმცირესობა, რის გამოც აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრა უკვე რამდენიმე სესიის განმავლობაში ვერ ხერხდება პარლამენტში.

 

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ კანონის მიხედვით გამოჩნდება ის, რომ ადამიანის უფლებები გახდა უფრო მნიშვნელოვანი:

 

“რომ აღარ ვართ ოკუპაციით იმდენად გაბოროტებული, რომ მის უკან ან წინ ადამიანის უფლებებს ვერ ვხედავთ. იმ კანონით, რაც მოქმედებს, ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების უფლებები ირღვევა, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ ოკუპაციასთან. ჩვენ არ ვცვლით პრინციპულ საკითხს, ვცვლით ციხეს ჯარიმით,” – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

 

საპარლამენტო უმცირესობა ამ საკითხზე კონსულტაციებს ითხოვს. ზაქარეიშვილის თქმით, ეს კანონპროექტი ნოემბრიდან არის ინიცირებული და ამ ხნის მანძილზე უმცირესობას ჰქონდა შანსი, რომ გაემართა მთავრობასთან კონსულტაციები: “მაგრამ არც ერთი ზარი და არც ერთი წერილი არ შესულა”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

კანონპროექტით, იმ შემთხვევაში, თუკი უკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს დაარღვევს პირი, პირველ ჯერზე ის დაისჯება ადმინისტრაციული წესით, ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი