სამხრეთ კავკასიის ამბები

აკრძალული მედია აზერბაიჯანში

30 ივლისი, 2017 • 2217
აკრძალული მედია აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში სასამართლოს დადგენილებით, ოთხი სხვადასხვა აზერბაიჯანული მედია საშუალების ვებ-გვერდი დაბლოკეს.

ვებ-გვერდებს ბრალად ედება “რადიკალური რელიგიური ჯგუფების უკანონო საქმიანობისა და სხვა უკანონობის ხელშეწყობა, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლაზე მოწოდებების გავრცელება ძალადობრივი მეთოდებით, დესტრუქციული ქმედებები, რომელიც მიმართულია სოციალური დესტაბილიზაციისკენ და სამოქალაქო არეულობების ორგანიზება”. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა რაიმე კანონი, რომელიც ქვეყანაში ინტერნეტ საქმიანობას დაარეგულირებდა, მოსამართლისთვის ხელი არ შეუძლია ოთხივე ვებ-გვერდი ქვეყანაში უკანონოდ გამოეცხადებინა და მათი მაუწყებლობა დაებლოკა.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსთან არსებულმა ელექტრონული უსაფრთხოების ცენტრმა აზერბაიჯანის საბაილის სასამართლოს, ვებ-გვერდების azadliq.info, azadliq.org (RFE/RL), azеrbaycansaatı.com და ტელევიზია turan.tv-ს დაბლოკვის მიზნით მიმართა. Turan.tv დამატებით, თანამგზავრით კვირაში ერთხელ მაუწყებლობდა, ასევე თანამგზავრით გადაიცემოდა azеrbaycan saatı-ს პროგრამები. სამინისტრო, სასამართლოსთვის მიმართვის დროს, საკუთარ მოთხოვნებში აღნიშნული ვებ-გვერდების მიერ გამოწვეულ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისთვის შესაძლო საფრთხეს ეფუძნებოდა. ასევე იმას, რომ თითქოს, მათი ჟურნალისტური მასალები ეროვნულ და რასობრივ დისკრიმინაციას ხელს უწყობს. შედეგად, აღნიშნული მედია საშუალებები ქვეყანაში უკანონოდ ცნეს და მათი მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკეს.

თითოეული ამ მედია გამოცემის ბლოკირების ისტორია საკმაოდ გრძელია, ისევე როგორც აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების შეზღუდვის ისტორია. ყველა მედია გამოცემამ მათ დაბლოკვამდე საკმაოდ გრძელი პროცესი გაიარა.

მაგალითად, Meydan TV-ზე, რომლის მთავარი ოფისიც ბერლინშია, ხელისუფლების ზეწოლა ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო. 2013 წელს ჟურნალისტებს, რომლებიც ბაქოში საქმიანობდნენ, ერთმანეთის მიყოლებით დაკითხვებზე პროკურატურაში იბარებდნენ. ზეწოლა გამოცემაზე საზღვარგარეთ მცხოვრები ვებ-გვერდის ხელმძღვანელის ნათესავების დაკავებით დაიწყო. შირინ აბბასოვი, 2015 წლიდან გამოცემის კორესპონდეტი იყო, რომელიც 30 დღით დაკავებული იყო და ამ დროს მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ამ ზეწოლის გამო, Meydan TV-მ უარი თქვა ეთანამშრომლა აზერბაიჯანში მცხოვრებ ჟურნალისტებთან და ანონიმურობის გარანტიით მოქალაქე ჟურნალისტებთან თანამშრომლობა დაიწყო.

Meydan TV-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ჰაბიბ მუნთაზირი განმარტავს, რომ ვებ-გვერდმა ქვეყანაში საინფორმაციო ბლოკადა გაარღვია. ხელისუფლებამ კი, დამოუკიდებელი ახალი ამბების ნაკადის წინააღმდეგ ომი გააჩაღა.

“იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ, სამართლებრივი დევნა დაიწყეს. აშინებდნენ და ემუქრებოდნენ ყველას, ვინც ჩვენთან თანამშრომლობდა. შემდეგ კი, ზეწოლის მიუხედავად, ვინც აგრძელებდა ჩვენთან თანამშრომლობას, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. საბოლოოდ კი, ჩვენი ვებ-გვერდი აკრძალეს აზერბაიჯანში. შემდეგ შეიმუშავეს ახალი კანონი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენი ვებ-გვერდი უკვე კანონის შესაბამისად დაბლოკეს. მიზანი ერთი იყო, მინიმუმამდე დაეყვანათ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ახალი ამბები და საზოგადოების წვდომა ინფორმაციასთან”, – ამბობს ჰაბიბ მუნთაზირი.

Meydan TV-ს თანამშრომლებს არა მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლება დევნიდა, ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში მცხოვრები ან დროებით ჩამოსული თანამშრომლების დევნაც დაიწყო. რეპერი ჯამალ ალი, რომელიც Meydan TV-სთან თანამშრომლობდა, ქვეყანაში არ შეუშვეს, ასევე კიდევ ერთი თანამშრომელი აფგან მუხთარლი, რომელიც უცნაურ გარემოებებში საქართველოდან აზერბაიჯანში აღმოჩნდა, სადაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს.

ვებ-გვერდი «azadlıq.info», რომელიც წლების განმავლობაში ბეჭდური სახით გამოდიოდა აზერბაიჯანში და რომელმაც მოგვიანებით ვებ-გვერდიც ჩაუშვა, ასევე დაბლოკილი ვებ- გვერდების რიცხვშია. ამ გამოცემის თანამშრომლებზე ზეწოლა სისტემატურად ხდებოდა. ამ დევნის ფაქტებს შორის იყო გაზეთის თანამშრომლების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები, ერთ-ერთი ძირითადი ავტორის, სეიმურ ჰაზისა და ფინანსური დირექტორის, ფაიქ ამირლის დაპატიმრება, ვებ-გვერდის ხელმძღვანელობის იძულება ქვეყანა დაეტოვებინათ, მათი ნათესავებისა და ახლობლების დაკავება და მათზე უარის თქმის იძულება.

საიტის ჟურნალისტი ნატიგ ადილოვი, რომელიც ამჟამად ლტოლვილის სტატუსით საფრანგეთში ცხოვრობს, გაზეთის მთავარი რედაქტორის თანაშემწე იყო, გაზეთის დახურვის მიზეზს ასე განმარტავს:

“გაზეთი azadliq ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი იყო, რომელიც ათი ათასიანი ტირაჟით გამოდიოდა და ყველა ეგზემპლიარი იყიდებოდა. ვებ-გვერდის მუდმივი მკითხველის რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. გაზეთზე ზეწოლას კი არ მოუხდენია გავლენა იმ ადამიანებზე, რომელთაც გაზეთთან თანამშრომლობა სურდათ. პირიქით, ახალგარზდები, ის ვისაც ჟურნალისტობა სურდა, ამაყობდა იმით, რომ ჩვენთან მუშაობდნენ. რამდენადაც ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ უკვე ვეღარ აკონტროლებდა პროცესს, გადაწყვეტილება მიიღო, საბოლოოდ დაესრულებინა ეს საქმე”.

კიდევ ერთი დაბლოკილი ვებ-გვერდი «azərbaycansaatı.com» და თანამგზავრული turan.tv, რომლის ოფისიც საფრანგეთშია, გაზეთ azadliq-ის ჯგუფის პროექტებია. ნატიგ ადილოვის აზრით, პრობლემებისა და სერიოზული ზეწოლის მიზეზი სწორედ turan.tv-ს საქმიანობაა:

“აზერბაიჯანელ მაყურებელს მეტი ნდობა აქვს ტელევიზიის მიმართ. მოქალაქეებს სჯერათ ყველაფერი, რასაც ტელევიზიით საუბრობენ. ამგვარად, ტელეგადაცემის მაუწყებლობა ხელსუფლების კონტროლს მიღმა, მიუღებელი იყო”.

რადიო თავისუფლების ბაქოს წარმომადგენლობა 2014 წელს გენერალური პროკურატურის გამოძიების განყოფილებამ დახურა. რადიოს თანამშრომლებმა, რომლებიც პრაღაში გადავიდნენ, ჩეხეთის რესპუბლიკიდან დაიწყეს მუშაობა. თუმცა, სამი წლის შემდეგ azadliq.org რადიო, რომელიც აზერბაიჯანში მაუწყებლობდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა.

ხელისუფლებისთვის ყველაზე სერიოზული პრობლემები, რომელსაც ის “რადიო თავისუფლების” მაუწყებლობით აწყდებოდა, ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ქვეყნის შიგნითა და ოფშორულ ზონებში ბიზნესების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაიწყო. 2012 წელს, ხადიჯა ისმაილოვას საქმიანობა შეუძლებელი გახდა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. შემდეგ კი, ჟურნალისტზე ორი სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს.

რადიო თავისუფლების თანამშრომლებისთვის, რომელთაც ქვეყნის გარეთ მოუწიათ წასვლა, უკიდურესად რთული გახდა ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე ოპერატიულად მუშაობა.

ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მედია გამოცემების ვებ-გვერდების დაბლოკვა და ეს აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს.

“წამყვანი ახალი ამბების ვებ-გვერდის დაბლოკვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ხელისუფლებამ დარჩენილი მედია გამოცემების თავისუფლების ყველა კვალი გაანადგურა”, – განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა ეჰან ბირმა.

თითოეული დაბლოკილი ვებ-გვერდის პროგრამისტები და სოციალური მედიის მენეჯერები სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ აზერბაიჯანში საკუთარი მედია გამოცემების მაუწყებლობის აღდგენას. ამისთვის, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში მუდმივად ასწავლიან მკითხველს, როგორც მოხსნან ბლოკი და ალტერნატიულ გზებს სთავაზობენ როგორიცაა VPN და პროქსი სერვერები. რა თქმა უნდა, ამ გზებით დახმარება ზოგადი პრობლემის მოგვარებას მაინც ვერ შეძლებს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი