ახალი ამბები

რატომ უფასურდება ლარი გაზრდილი ტურიზმის მიუხედავად

4 სექტემბერი, 2017 • 3593
რატომ უფასურდება ლარი გაზრდილი ტურიზმის მიუხედავად

დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით აგვისტოში 27%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, თუმცა ლარის კურსი დოლართან  მიმართებაში უფასურდება. 20 აგვისტოს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.38 იყო, დღეს – 2.45.

“მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ტურიზმი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, აგვისტოს ბოლოდან ჩვენ მაინც უფრო პასიურ ტურისტულ ეტაპზე გადავდივართ. ზღვის სეზონი სრულდება, უკვე შემცირებული უნდა იყოს ტურისტების რაოდენობა და, შესაბამისად, დოლარის ნაკადებიც [რომელიც ტურიზმს მოჰყვება]”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე. მისივე თქმით, ტურისტების ქვეყნიდან გასვლის პროცესი სავალუტო ბაზარს სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ უფრო დაეტყობა.

ის, რომ ზღვის სეზონის შემდეგ საქართველოში იმდენივე ტურისტი აღარ შემოვა, რამდენიც ივლისსა და აგვისტოში, ნამჩავაძესთვის ლარის გაფუასურების ერთ-ერთი ახსნაა.

“შარშანაც და შარშანწინაც ასე იყო… ამ დღეებში საქართველოდან უფრო მეტი ტურისტი გადის, ვიდრე შემოდის. კვირაზე რომ  ავიღოთ, ეს შეიძლება 20-30 მილიონი დოლარის [დანაკარგიც] იყოს”.

ეკონომისტის თქმით, როდესაც ლარის კურსის გაუფასურებაზეა საუბარი დოლარისა და ევროს მიმართ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ამჟამად ქვეყანაში ლარის მასა გასულ წელთან შედარებით 20 პროცენტითაა გაზრდილი [ივლისის მონაცემები], რაც სავარადუოდ გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს, ლარისთვის ნეგატიურად.

“ეს აუცილებლად იმოქმედებდა გაუფაუსრებაზე. ეს გარკვეულწილად იმიტომ ხდება, რომ ეკონომიკურ ზრდას შეეწყოს ხელი.

ლარის მასის საკითხი დამოკიდებულია მოთხოვნაზე და ეროვნული ბანკის საქმიანობაზე. მონეტარული განაკვეთი ახლა 7 პროცენტია. ეროვნულ ბანკს შეუძლია, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს და ამით ლარის მასის ზრდის ტემპი შეამციროს, რაც ლარის კურსზეც იმოქმედებს გამყარების კუთხით, მაგრამ დააზარალებს ეკონომიკურ ზრდას…  პრიორიტეტი უფრო ეკონომიკურ ზრდას ენიჭება”, – ამბობს ნამჩავაძე და ვარაუდობს, რომ თუ ლარის გაუფასურება ფასების ზრდას არ შეუწყობს ხელს, ეროვნული ბანკი პროცესში არ ჩაერევა.

“მართალია, წლიური ინფლაცია მაღალია, მაგრამ დღეს გამოქვეყნდა აგვსიტოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ფასები 0.2 პროცენტით არის შემცირებული… ფასების კლების ტენდენცია  ეროვნულ ბანკს უბიძგებს, რომ არ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა. შარშან და შარშანწინ შეიძლება კიდევ უფრო პრიორიტეტული ყოფილიყო ლარის კურსის დაჭერა, მაგრამ ლარიზაციის პოლიტიკა იმიტომ გატარდა, რომ თუ მომავალში მნიშვნელოვან გაუფასურებას ექნებოდა ადგილი მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო. შესაბამისად, ჩემი აზრით, უფრო პრიორიტეტული ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი მონეტარული პოლიტიკის გატარება იქნება, ვიდრე ლარის კურსის დაჭერა”, – ამბობს ბესო ნამჩავაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი