ახალი ამბები

“მოხეტიალე” მიწები სნოს ხეობაში

4 სექტემბერი, 2017 • 7165
“მოხეტიალე” მიწები სნოს ხეობაში

ვიდრე სნოს ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებდა, დანარჩენებმა თავიანთი ნაკვეთები იქ გადაიტანეს, სადაც კომპენსაციის მიღების მეტი შანსი ექნებოდათ. საჯარო რეესტრი კი თვლის, რომ ეს პროცესი კანონიერია, მაშინ, როცა ადგილობრივებს შორის ამ ნიადაგზე შუღლია გაჩაღებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის საპროექტო არეალში განთავსებული მიწის ნაკვეთები იმ ადამიანებმა დაიკანონეს, ვისაც ისინი არ ეკუთვნოდა. რამდენიმე მათგანმა, რომელთა მიწები საპროექტო არეალში ხვდებოდა, სახელმწიფოსგან უკვე კომპენსაციაც მიიღო. უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო ასეთ მიწებს მესაკუთრეები სხვადასხვა დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებენ. ამიტომ ნაკვეთების მფლობელები სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ფულს იღებენ.

გრაფიკა 1

ენერგეტიკის სამინისტრო სნოს ხეობაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას რომ გეგმავდა, 2015 წელს გახდა ცნობილი. ამ დროიდან ოთხ სოფელში- აჩხოტში, სნოში, კარკუჩასა და ახალციხეში-  მიწის ორასამდე ნაკვეთი დარეგისტრირდა, რომლებიც უშუალოდ ექცევიან ელექტროგადამცემი ხაზის ზემოქმედების არეალში.

ქსანი-სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას კომპანია “ენერგოტრანსი” და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახორციელებს. 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა დააფინანსა. კონტრაქტი 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა და მისი ღირებულება 21.6 მილიონი ევროა. სნოს ხეობაში მშენებლობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ 2017 წლის ნოემბერში დასრულდება.

სახელმწიფოს მიერ კომპენსაციების, დახმარებებისა და ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა სულ  9 მილიონ ლარს აღემატება.

ამჟამად სერვიტუტის ხელშეკრულება  სს “სახელმწიფო ელექტროსისტემამ” სოფელ სნოს 27 ნაკვეთზე და სოფელ კარკუჩის ორ მიწაზე გააფორმა. ამ ტიპის ხელშეკრულების თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება აქვს, გარკვეული დანიშნულებით გამოიყენოს მიწა. ხოლო მესაკუთრე, კომპენსაციის სანაცვლოდ, ნაკვეთს დროებით ან სამუდამოდ თმობს.

მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციის სქემა:

მიწის კუთვნილების დამადასტურებელ ძველ საბუთებში არსებული ხარვეზების გამო ადგილობრივებს საშუალება აქვთ, მიწა დაირეგისტრირონ არა იქ, სადაც კანონით ეკუთვნით, არამედ იქ, სადაც კომპენსაციას მიიღებენ.

ხეობაში ყველა ოჯახს აქვს 2001-2002 წლებში გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ე.წ. შევარდნაძის პასპორტი. ამ ორგვერდიან დოკუმენტში მოცემულია მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ფართობი და მფლობელის ვინაობა. დოკუმენტის უკანა გვერდზე კი დატანილია მეზობელი ნაკვეთები საკადასტრო კოდებით.

ხეობის მკვიდრის მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისას, თუ საჯარო რეესტრი თვლის, რომ დოკუმენტები არასრულია, მაშინ მიმართავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, გაგზავნოს წარმომადგენელი ადგილის დასათვალიერებლად და ოქმის შესადგენად. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სნოს ხეობაში სოფელ სნოს მკვიდრი ელბერდი პაპიაშვილია. წელს მან უკვე 500-ზე მეტი ოქმი შეადგინა. ამბობს, რომ არის დღეები, როცა 20-30 ნაკვეთს ამოწმებს.

როდესაც პაპიაშვილი ნაკვეთსა და განმცხადებლის ხელთ არსებულ დოკუმენტებს ერთმანეთს ადარებს, ოქმში აღნიშნავს, ემთხვევა თუ არა ყველა დოკუმენტი ერთმანეთს. თუმცა ოქმების ნახევარზე მეტში წერია, რომ პაპიაშვილი ვერ ადასტურებს დოკუმენტების (აზომვითი ნახაზისა და სააღრიცხვო ბარათის) იდენტურობას და მოწმეებს ენდობა. საეჭვოა, რამდენად სანდო არიან მოწმეები, რომლებიც ამავდროულად  განმცხადებლის ოჯახის წევრები ან ნათესავები არიან.

მაგალითად, სოფელ კარკუჩის მცხოვრებმა, ნუნუ ღუდუშაურმა 2,100 კვ.მ. მიწის დაკანონებისას მოწმეებად თავისი ქმარი, თამაზი ყამარაული და შვილი, დათო ყამარაული მოიყვანა. პაპიაშვილი ამ შემთხვევაშიც დოკუმენტების იდენტურობას ვერ ადასტურებს და მოწმეებს ენდობა.

“როდესაც მე ვუწერ ოქმში, რომ ვერ ვადასტურებ აზომვითი ნახაზისა და სააღრიცხვო ბარათის ერთმანეთთან სიზუსტეს, რატომ არეგისტრირებს საჯარო რეესტრის რეგისტრატორი მიწას?” – გვეუბნება ელბერდი პაპიაშვილი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ ბოხაშვილის განმარტებით კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, როგორიცაა სხვა ნაკვეთთან ზედდება ან ნაკრძალის ტერიტორიის გადაკვეთა, მოქალაქეს მიწა უნდა დაუკანონონ.

“რეგისტრატორს არ აქვს იმის ბერკეტი, რომ მოქალაქეს უარი უთხრას. მას კანონი ავალდებულებს, რომ მოქალაქეს ენდოს,” – აცხადებს ბოხაშვილი “აი, ფაქტთან” საუბრისას. “როდესაც დოკუმენტებით ვერ დასტურდებოდა კონკრეტული პირის მფლობელობა გარკვეულ მიწებზე, 2013–2014 წლებში რეგისტრატორი ასეთ მიწას არ არეგისტირებდა. შემდეგ მოქალაქეები საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებდნენ. პროცესზე მოწმეები უდასტურებდნენ მომჩივნის მიწის მფლობელობას და საქმესაც იგებდნენ. “რამდენი დავა შეიძლება წააგო ასე უსაშველოდ?”  

ბოხაშვილის თქმით, ეს სიტუაცია 90–იან წლებში მიწის რეგისტრაციის ხარვეზების გამო შეიქმნა. “თავის დროზე დოკუმენტებში ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა არ მიუთითეს. დღეს აზომვისას სახელმწიფო იძულებულია მესაკუთრეს ენდოს.”

მიწების რეალური ადგილმდებარეობა

ჩვენ შევძელით ხეობაში ბოლო დროს რეგისტრირებული რამდენიმე ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობის დადგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ამ ნაკვეთების ის საკადასტრო კოდებიცაა მითითებული, რომლებიც მათ ძველი სააღრიცხვო ბარათების, ე.წ. შევარდნაძის პასპორტების მეშვეობით მიენიჭათ. ამ ძველი კოდებით მივედით ყაზბეგის იუსტიციის სახლში და დავადგინეთ, ვინ ფლობდა მიწას ამ ნაკვეთების მეზობლად. შემდეგ კი სოფლებში მოვძებნეთ ეს ადამიანები და ვთხოვეთ ეჩვენებინათ, რეალურად სად მდებარეობდა მათი მიწა და ესაზღვრებოდა თუ არა მათ იმ ხალხის ნაკვეთები, რომლებმაც უძრავ ქონებას ადგილი შეუცვალეს.  

ამ გზით გავიგეთ, რომ სოფელ სნოში 28 წლის იმედა ფირანიშვილმა 900 კვ.მ. მიწას მდებარეობა შეუცვალა და იქ დაარეგისტრირა, სადაც ელექტროგადამცემი ხაზი გაივლის. 18 ივლისს კი სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემასთან” სერვიტუტის ხელშეკრულება გააფორმა და აღნიშნულ ნაკვეთში კომპენსაციის სახით 12,600 ლარი მიიღო.

ფირანიშვილის ნაკვეთი სააღრიცხვო ბარათის მიხედვით (ს.კ. 74.02.02.405)  სოფელ სნოში ე.წ. “პადინების” ტერიტორიაზე მდებარეობდა და მას ესაზღვრებოდა ნანა (შორენა) ხართიშვილის ნაკვეთი (ს.კ. 74.02.02.406). ნანა ხართიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ფირანიშვილები “პადინებზე” ნამდვილად ფლობდნენ ნაკვეთს მის მეზობლად.  თუმცა იმედა ფირანიშვილის მიერ დარეგისტრირებული  მიწა დღეს “პადინებისგან” 3 კმ-ის მოშორებით, ელექტროგადამცემი ხაზის ტერიტორიაზეა.

photo 1

ჩვენ მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით ვერ მტკიცდება, რომ იმედა ფირანიშვილი ან მისი წინაპრები ნაკვეთს იქ ფლობდნენ, სადაც დაარეგისტრირეს. დუშეთის რაიონული არქივის  2002 წლის მონაცემებით,  იმედას მამის, გოჩა ფირანიშილის ოჯახის სახელზე მხოლოდ 20 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ირიცხება და მიწის სხვა ფართობის შესახებ მონაცემი მითითებული არაა.

იმედა ფირანიშვილის მსგავსად, სამ ნაკვეთს ადგილმდებარეობა იმავე გზით შეუცვალეს გოდერძიშვილებმა, ელიაძეებმა და ჩაბაიძეებმა. ნაკვეთისთვის ადგილის შეცვლას ცდილობს ხეობის მკვიდრი მარტია პაპიაშვილიც, რომლის ნაკვეთი ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრებში ხვდება. ნაკვეთს ადგილი წარმატებით შეუცვალა ნონა გელაშვილმაც, მან ძველი ადგილმდებარეობის ნაცვლად მიწა იქ დაარეგისტრირა, სადაც ელექტროგადამცემი ხაზი გაივლის. დეტალურად თითოეული შემთხვევის შესახებ იხილეთ რუკაზე.

საჯარო რეესტრის იურისტს ვკითხეთ, რატომ არ შეეძლო მის სამსახურს მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა ისე დაედგინათ, როგორც ეს ჩვენ შევძელით? პასუხად ვახტანგ ბოხაშვილმა გვითხრა, რომ ყველა ნაკვეთსი ინდივიდუალურად შესწავლის შემდეგ გაგვცემდნენ პასუხს.

ვინ აიღო ყველაზე დიდი თანხა სნოს ხეობაში?

ძმებმა ბექა და იმედა ფირანიშვილებმა ექვსი ნაკვეთის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან  147 ათას ლარზე მეტი აიღეს. საარქივო ცნობის მიხედვით, კომლი, რომლის წევრებიც ისინი არიან, 1987–1989 წლებში 2,400 კვ.მ. მიწას ფლობდა. თუმცა დღეს მათ მიერ დარეგისტრირებული ტერიტორია 12 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება.

ბექა ფირანიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ის ადგილები დაირეგისტრირა, სადაც მის ბაბუას შემოღობილი სათიბი ჰქონდა. თუმცა მისი ერთ-ერთი ნაკვეთი არც შემოღობილია და არც სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოიყენება. აღნიშნულ ტერიტორიას სოფელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დასაყრელად იყენებს.

photo 2 photo 3

ბექა ფირანიშვილი ვერც საკადასტრო კოდების გადაადგილებაში ხედავს პრობლემას. “მე რომ მაქვს 10,000 კვ.მ. სნოში და ვიცი, რომ აქ არის ჩემი ადგილი, აქ ვთიბავდი და ვიფორმებ აქ (ამ მიწას), სხვა ადგილას კიდევ მაქვს 1,000 კვ.მ, რომელიც აღარ გავიფორმე იმ ადგილას და აქეთ მოვამატე, რომ კომპენსაცია ამეღო, რა პრობლემაა. მაინც ჩემი იყო,” – ამბობს ფირანიშვილი “აი, ფაქტთან” საუბრისას.

მიწების ამ გზით “გადაადგილებამ” სნოს ხეობის სოფლებში ადგილობრივებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. გერმანი ჩაბაიძე სოფელ ახალციხეში ცხოვრობს და  მდინარე სნოსწყლის პირას მდებარე ნაკვეთს წლების განმავლობაში საქონლის საძოვრად იყენებდა. დღეს ეს ტერიტორია ნოტარიუს მანანა მარსაგიშვილის კერძო საკუთრებაა.

გაიოზ ბუჩუკურიც სოფელ ახალციხის მაცხოვრებელია. მისი თქმით, თანასოფლელის, მანუჩარ ბუჩუკურის მიერ ნაკვეთების რეგისტრაციის გამო სოფელმა ორი საძოვარი დაკარგა.

მანუჩარ ბუჩუკურის და კიდევ რამდენიმე ადგილობრივის წინააღმდეგ ადგილობრივებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. განხილვა მცხეთის სასამართლოში 2017 წლის 20 სექტემბერსაა ჩანიშნული.

კიდევ ერთი სასამართლო დავა მიმდინარეობს თეა ხართიშვილსა და მის თანასოფლელებს შორის ნაკვეთზე, რომელიც სნოში ელექტროგადამცემი ხაზის საპროექტო არეალში ხვდება. 2017 წლის ზაფხულზე მან ნაკვეთის დარეგისტრირება მოინდომა, აღმოაჩინა, რომ მიწა მის თანასოფლელებს უკვე ნაწილ–ნაწილ დარეგისტრირებული ჰქონდათ.  

თეა ხართიშვილის თქმით, ადამ (გელა) ფირანიშვილის, ვაჟა ხართიშვილისა და ბექა ფირანიშვილის, ნანული და ნონა გელაშვილების ექვსი ნაკვეთი ისეა დარეგისტრირებული, რომ მისი მიწის საზღვრებს კვეთს. “გავაკეთე ნახაზი, მივიტანე რეესტრში და ზედდების (მიწის საზღვრები ერთმანეთს კვეთს) გამო წარმოება შემიჩერდა,” – ამბობს ხართიშვილი.

ადამ ფირანიშვილმა, ნონა და ნანული გელაშვილებმა თავიანთ ნაკვეთებზე კომპენსაციის სახით, ჯამში, 25 ათას ლარზე მეტი აიღეს.

ნონა გელაშვილმა მიწა საარქივო ცნობისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე დაირეგისტრირა. საარქივო ცნობაში მიწის ფლობის შესახებ ინფორმაცია მითითებული არაა. ადგილზე დათვალიერების ოქმში ელბერდი პაპიაშვილი ვერ ადასტურებს აზომვითი ნახაზისა და სააღრიცხვო ბარათის იდენტურობას და მხოლოდ მოწმეების ჩვენებას ეყრდნობა. ნონა გელაშვილი “აი, ფაქტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს. “ჩემი მიწა არის და არ უნდა დამერეგისტრირებინა?”– ამბობს გელაშვილი.

ისინი, ვინც კომპენსაცია აიღეს და ისინი, ვინც მათ უპირისპირდებიან, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ნათესავები არიან. ახალციხისა და სნოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო სოფლები ორ ნაწილად გაიყო – ერთ მხარეს დარჩნენ ისინი, ვინც სხვადასხვა გზით შეძლეს მიწების დარეგისტრირება ელექტროგადამცემი ხაზის მოქმედების არეალში, ხოლო მეორე მხარეს – მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი. ისინი, ვინც პროექტს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას არ დაუშვებენ, არც საკუთარ მიწებს დათმობენ. სოფელ სნოს მცხოვრები ბექა ფირანიშვილი კი თვლის, რომ პროექტს ისინი ეწინააღმდეგებიან, ვინც მიწის დარეგისტრირება ვერ შეძლო – “ხალხმა უნდა აიღოს კომპენსაცია, აბა, რა უნდა ქნას? დარჩებიან ისე, მაინც გაივლის ის ხაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი