ახალი ამბები

ქუთაისის მერობისთვის 69 კონკურსანტი იბრძვის

16 მაისი, 2013 • 1157
ქუთაისის მერობისთვის 69 კონკურსანტი იბრძვის
“უმეტესობა არის არაქუთაისელი, არის თბილისიდან და სხვადასხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან შემოსული განცხადებები. დღეს, 2 საათზე ჩანიშნულია კომისიის პირველი სხდომა. ჩვენ დავიწყებთ განცხადებების განხილვას, არის თუ არა შესაბამისობაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩვენ მიერ გამოცხადებულ ჩამონათვალთან დოკუმენტების. ეს იქნება პირველი ეტაპი და შემდეგ უკვე მოხდება მათი საფუძვლიანი შესწავლა,” – აცხადებს საკონკურსო კომისიის თაvმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი.

 
მარგველაშვილის განმარტებით, ჯერ უცნობია, რა დრო დაჭირდება განცხადებების განხილვას. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მოხდება თუ არა ვიდეოგადაღება:

 

თამაზ მარგველაშვილი
თამაზ მარგველაშვილი

“ამას კომისია გადაწყვეტს დღეს. შეიძლება მოხდეს ჩაწერა, შეიძლება მოხდეს პირდაპირი რეპორტაჟი, შეიძლება მოხდეს დახურული.”

 
კომისიის თავმჯდომარე ასევე არ ასაჯაროებს განმცხადებლების ვინაობას. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია:

 
“კომისიის მუშაობაში თანდათანობით თქვენ მიიღებთ ყველა ინფორმაციას, რაც დაგაინტერესებთ. ჯერჯერობით სიის გახმაურება არ შეიძლება, კომისიის დებულებაში ასეა ნათქვამი, კომისიის პირველი სხდომის მერე შეიძლება გამოვაქვეყნოთ და მოგაწოდოთ. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია საჯარო არაა, ჯერ-ჯერობით კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ისინი მონაწილეობენ და სანამ კომისია არ გადაწყვეტს და არ ჩაატარებს სხდომას, არ მოხდება განხილვა და შესაბამისობაში მოყვანა დოკუმენტების, მანამ ეს სია არ გამოქვეყნდება.”

 
საკონკურსო საატესტაციო კომისიაში 7 წევრია: თამაზ მარგველაშვილი, მამუკა მღვდელაძე, კახა ნემსიწვერიძე, ზურა ხურციძე, ნესტან ნებულიშვილი, ნინო დვალი, გელა მშვენიერაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი