ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის ძმა შესაძლოა უკრაინიდან გამოაძევონ

2 სექტემბერი, 2017 • 1971
მიხეილ სააკაშვილის ძმა შესაძლოა უკრაინიდან გამოაძევონ

უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს, დავით სააკაშვილი სამართლამდამცავებმა ქვეყნის საემიგრაციო სამსახურში მიიყვანეს. ამის მიზეზად კი დავით სააკაშვილისთვის ბინადრობის უფლების გაუქმებას ასახელებენ.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ‘ინტერფაქსს” განუცხადა, პოლიციას დავით სააკაშვილი არ დაუკავებია, მათ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ძმა საემიგრაციო სამსახურში მიიყვანეს, რადგან უკანონოდ იმყოფებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე.  უწყებაში აცხადებენ, რომ დავით სააკაშვილის უკრაინაში ბინადრობის უფლება გაუქმდა, რადგან მას ჩამოერთვა უკრაინაში მუშაობის უფლება.

“ჩვენ არ დაგვიკავებია დავით სააკაშვილი. კიევის ნაციონალურმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის საემიგრაციო სამსახურში მიყვანა” – ამბობს შევჩენკო.

შევჩენკოს თქმით, სახელმწიგო საემიგრაციო სამსახურმა დავით სააკაშვილის ბინადრობის უფლება მარტში გააუქმა, რის შესახებაც სააკაშვილს დაუყოვნებლივ ეცნობა, თუმცა მან კანონით გათვალისწინებულ დროში არ დატოვა უკრაინის ტერიტორია და უკანონოდ იმყოფებოდა ქვეყანაში. უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს დავით სააკაშვილის დეპორტაციისთვის საჭირო სამუშაოები.

საკუთარი ძმის შესახებ დღეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმაც გაავრცელა. როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტი საკუთარ ფეიბუკგვერდზე წერს, დავით სააკაშვილი უკრაინის პოლიციის 8 წარმომადგენლემა დღეს დილას საკუთარ სახლთან დააკავა. სააკაშვილი ამ ქმედებას მის უკრაინაში დაბრუნების გეგმას უკავშირებს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ამ ქმედებით უკრაინის ხელისუფლება მას ვერ დააშინებს და ის მაინც დაბრუნდება ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი