ეკა არეშიძის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმედ კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მასთან პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღინისძიების, კერძოდ, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.
არეშიძის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები, კერძოდ, ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოცხადება სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში და ის, რომ ბრალდებული არ გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას და არ მოახდენს მტკიცებულებათა განადგურებას.
შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ასევე, სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა პირადი ანგარიშწორების მიზნით 2013 წლის 29 აპრილს ინტერნეტსივრცეში უკანონოდ გაავრცელა პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, კერძოდ, პირთა სექსუალური ურთიერთობის ამსახველი კადრები, რითაც შეილახა ამ მოქალაქეთა პირადი ღირსება.