Interviewsახალი ამბები

ევროპელი მინისტრები: სამიტის დეკლარაცია ქვეყნებს ევროპულ პერსპექტივას უნდა სთავაზობდეს

1 სექტემბერი, 2017 • 1724
ევროპელი მინისტრები: სამიტის დეკლარაცია ქვეყნებს ევროპულ პერსპექტივას უნდა სთავაზობდეს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის წინ ვიშეგრადის ჯგუფის (V4) მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადება, რომელიც ბრიუსელის სამიტის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ გამოწვევებს ეთმობა, 31 აგვისტოთია დათარიღებული და ბუდაპეშტში მიიღეს. ვიშეგრადის ჯგუფი ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის – ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის კავშირია.

განცხადებაში მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს ნათელი პოლიტიკური შინაარსი, ახალი სტრატეგიული ხედვა და სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული ინსტიტუტების წევრი და პარტნიორი ქვეყნების საერთო ფლობას. ისინი შეთახმდნენ, რომ ბრიუსელის დეკლარაცია უნდა ასახავდეს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებულ მისწრაფებებს და მათ, ვინც ამით დაინტერესებულია, ევროპულ პერსპექტივას უნდა სთავაზობდეს, ასევე უნდა განისაზღვროს აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი ამბიციური დღის წესრიგი.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საჭიროა სტრატეგიული რეაგირება არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების შედეგებზე, როგორც პარტნიორი, ისე წევრი ქვეყნების შემთხვევაში. ამ კონტექსტში ისინი მიესალმებიან სამიტის მთავარ ფოკუსს, რაც იმ ხელშესახებ სარგებელს უკავშირდება, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები იღებენ. მათ ასევე ხაზი გაუსვევს სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მინისტრები ასევე მიესალმნენ შენგენის ზონაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს უდავოდ ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტის გაღრმაებას.

მათივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება მთავარი ამოცანაა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლოდოვასთვის ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს რიგის სამიტის პრიორიტეტების განხორციელების მნიშვნელობას. ეს პრიორიტეტებია:

[checklist]

  • ინსტიტუტების და მმართველობის გაძლიერება;
  • ეკონომიკური და საბაზრო შესაძლებლობების გაძლიერება;
  • ენერგოექფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილებები;
  • გადაადგილება და ხალხთა შორის ურთიერთობები.

[/checklist]

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ენერგოკავშირის მიზნებიდან გამომდინარე ენერგოუსაფრთხოება წყაროების დივერსიფიცირების და მიწოდების გზებით უნდა გაღრმავდეს.

“მრავალფეროვანი ენერგოინვესტიციები უალტერნატივოა ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, ასევე ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. შესაბამისად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამხრეთის გაზის კორიდორთან ერთად ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის კორიდორის განხორციელების მნიშვნელობა. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც წარმოადგენს კონცეფციას სამრეთის გაზის კორიდორის ვიშეგრადის რეგიონთან დასაკავშირებლად და საშუალებას მისცემს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, ჰქონდეს კასპიის გაზთან ხელმისაწვდომობა, აძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას და ევროკავშირის ბაზრის ლიკვიდურობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი