მოსამართლემ დააკმაყოფილა გელა ხვედელიძის ადვოკატის კახაბერ სოფრომაძის შუამდგლომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით და ხვედელიძეს 5000- ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
სასამართლო პროცესზე, რომელსაც დღეს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა, პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა გელა ხვედელიძისთვის საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება მოითხოვა და ეს იმით ახსნა, რომ, მისი თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის და გამოძიებისთვის ხელშეშლის საფრთხე.
ეს მოსაზრება არ გაიზიარა ბრალდებულის ადვოკატმა კახაბერ სოფრომაძემ. მისი მტკიცებით, არ არსებობს ასეთი საფრთხე, რადგან გელა ხვედელიძე გამოძიებასთან თანამშრომლობს და ამიტომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5000- ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
გელა ხვედელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივლისისათვის ჩაინიშნა.
შს მინისტრის პირველი მოადგილე 12 მაისს დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების გამო. გელა ხვედელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ასევე, სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.
პირი, რომელიც ხვედელიძის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზეა ასახული, ასევე სვამს მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის, რადგან, როგორც იგი აცხადებს, მის მიმართა ასეთი ვიდეომასალის გამოყენებას საფუძვლად დაედო მის ხელთ არსებული მამხილებელი მასალები არა მხოლოდ გელა ხვედელიძის, არამედ ლაშა ნაცვლიშვილისა და პრემიერ-მინისტრის მრჩევლის – გია ხუხაშვილის წინააღმდეგ.
გელა ხვედელიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარტო მოქმედებდა და არ ჰყოლია თანამზრახველები, როდესაც აღნიშული ვიდეომასალა გაავრცელა.
