ახალი ამბები

სოზარ სუბარი ჟურნალისტებს ხვდება

15 მაისი, 2013 • • 1089
სოზარ სუბარი ჟურნალისტებს ხვდება

სოზარ სუბარმა თავდაპირველად ისაუბრა მიღებულ მემკვიდრეობაზე. მისი თქმით, საქართველო პრაქტიკულად მეორე ადგილზე იყო მსოფლიოში პატიმართა რაოდენობის მხრივ და გვყავდა 600 პატიმარი 100 ათას ადამიანზე.

 

მინისტრის მტკიცებით, ციხეში კორუფცია იყო ყველა დონეზე, როგორც დაბალ, ისე მაღალ დონეზე და ამ მხრივ მძიმე სიტუაცია იყო სამინისტროში. გარდა ამისა, ციხეების დიდ ნაწილში მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანთა ყოფნა წარმოუდგენელია, ასევე ხდებოდა ფსიქოტროპული წამლების უკონტროლო მიმოქცევა ციხეში და პატიმართა დამოკიდებულება ამ წამლებზე. ასევე, სიკვდილიანობა იყო 65–70 კაცი წელიწადში 10 ათას კაცზე, როცა საერთაშორისო სტანდარტი 25 ადამიანია.

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის განცხადებით, ამჟამად საქართველოში 250 პატიმარია ყოველ 100 ათას ადამიანზე, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია, რადგან ევროპაში საქართველოს ამ მონაცემებში უსწრებს რუსეთი, ბელორუსია და აზერბაიჯანი.

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს შემუშავებული აქვს სტრატეგია და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რაც ეფუძნება პატიმრებზე ზრუნვას, გაძლიერდა გენერალური ინსპექცია და სასჯელაღსრულების მონიტორინგის სისტემა, სადაც მუშაობდა 13 ადამიანი, ახლა მუშაობს 21 და იგეგმება 6 შტატის დამატება.

 

“მნიშვნელოვნად იმატა გენერალურ ინსპექციაში საჩივრებმა, რასაც მოყვა რეაგირება. 181 საქმე გაიგზავნა პროკურატურაში, 18 საქმე კი- გენერალურ ინსპექციაში. ყველა დაწესებულებაში დაიდგმება დალუქული ყუთები, სადაც ჩაყრილ საჩივრებს გენინსპექცია შეისწავლის”, – განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, საჩივრების შესწავლის საფუძველზე სისტემაში მომუშავე არაერთი ადამიანი დაისაჯა ჩადენილი დანაშაულის გამო.

 

მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ 4 თვეში ციხეებში დაიღუპა 9 პატიმარი, რაც მნიშვნელოვნად დაკლებული მონაცემია წინა წლებთან შედარებით, ხოლო სამოქალაქო საავადმყოფოებში 5400–ზე მეტი პატიმარი იქნა გაყვანილი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

 

სოზარ სუბარის ინფორმაციით, დაიხურა #1 დაწესებულება იქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, ასევე იგეგმება ზუგდიდის #4 დაწესებულების დახურვა. რაც შეეხება ციხეების რემონტს, მიმდინარეობს ბათუმის ციხისა და #16 დაწესებულების შეკეთება. იგეგმება ქალთა დაწესებულების თბილისში აშენება, ლაითურის დაწესებულება კი, რომელიც 4 ათას პატიმარზე იყო გათვლილი, 1000 პატიმარზე იქნება გათვალისწინებული. სამინისტრო ასევე გეგმავს ახალი დაწესებულების აშენებას უვადო პატიმრებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი