ახალი ამბები

გივი თარგამაძე: საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დიდი გამოცდილება მაქვს და ვაპირებ ამით დავკავდე

14 მაისი, 2013 •
გივი თარგამაძე: საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დიდი გამოცდილება მაქვს და ვაპირებ ამით დავკავდე

ამის შესახებ მან დღეს, 14 მაისს news.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს ვილნიუსში განვითარებული მოვლენები გააცნო.

 

როგორც ცნობილია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თარგამაძეს 2012 წლის მაისის მოვლენების დროს რუსეთში არეულობის ორგანიზებაში დასდო ბრალი და მის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნის დაწყების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა. თარგამაძე, რომელიც იმ დროისთვის ლიტვაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ ლიტვის შესაბამის ორგანოებს თვითონ დაუკავშირდა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ამის შემდეგ ვილნიუსის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას თარგამაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა, ხოლო ინტერპოლმა საკუთარი კონსტიტუციის მე–3 მუხლის საფუძველზე, რომელიც პირის შესაძლო პოლიტიკური დევნის გამო საერთაშორისო ძებნის პროცედურების შეჩერებას ითვალისწინებს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის წინააღმდეგ ძებნა არ დაიწყოს.


“მე შევქმენი პრეცედენტი მათთვის, ვისაც კრემლი ასე სდევნის. დავუმტკიცე პუტინს, რომ მისთვის ამ თვალსაზრისით საერთაშორისო სამართლის ფარგლები დახურულია. პუტინს შეუძლია, მხოლოდ ატომური ბომბი აჭამოს ადამიანს ან კილერები მიუგზავნოს. მე გუშინ ვკითხულობდი, რომ ამ პრეცედენტით სხვა იმ ადამიანებმაც შეიძლება ისარგებლონ, ვისაც კრემლი ასევე უკანონოდ სდევნის”, – განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ ამჟამად იგი კონსულტაციებს გადის თავის ადვოკატთან იმისათვის, რომ ევროპულ სასამართლოში კრემლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს მისი უკანონო დევნის გამო.


თარგამაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერპოლმა მის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა არ დაიწყო, მას ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია გადაადგილება. ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ დღეს, 14 მაისს ერთ–ერთ რუსულ სამთავრობო ტელევიზიის ეთერით მის წინააღმდეგ მორიგი დოკუმენტური ფილმის ჩვენება იგეგმება.


დეპუტატის განცხადებით, ამიერიდან იგი აპირებს, რომ თავისი საქმიანობა საქართველოში განაგრძოს. თარგამაძე ამბობს, რომ აპირებს დაუბრუნდეს თავის ძველ საქმიანობას: ჟურნალისტობას და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით იმუშაოს. მას ჯერჯერობით არ აქვს წარმოდგენილი, თუ სად შეიძლება დაკავდეს ჟურნალისტური საქმიანობით- რომელიმე მედიასაშუალებაში, თუ ამისათვის საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს.


“ძალიან ბევრი მასალაა ამ მიმართულებით დღეს. მე საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ვაპირებ, რომ ამით დავკავდე”.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ლიტვიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი