ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაღარიბების გზაზე მყოფი აფხაზეთის ბუნდოვანი მომავალი

31 აგვისტო, 2017 • 9033
გაღარიბების გზაზე მყოფი აფხაზეთის ბუნდოვანი მომავალი

როგორც არ უნდა ეცადონ ადგილობრივები გარეგნული სიმშვიდით მღელვარება დამალონ, აფხაზეთში ზაფხულის სეზონს შეგვიძლია უკვე ჩავარდნილი ვუწოდოთ. დიახ, რუს ტურისტს დიდი მოთხოვნები არ აქვს. მის უშიშრობაზე ლეგენდებიც კი დადის, თუმცა ძირითადად სხვა ნებისმიერ ტურისტს ჰგავს – ეშინია მკვლელობების, დაყაჩაღების, აფეთქების, საკვებით მოწამვლისა თუ ნაწლავური ინფექციის. ყველა ეს “სიკეთე” ამ წელს აფხაზეთში, ალბათ, ინფექციის გარდა, საკმარისზე მეტიც იყო.

რუსულ მედიაში აფხაზეთი  მსგავსი პოპულარობით უკანასკნელად ალექსანდრ ანქვაბის ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს სარგებლობდა, 2014 წელს. თუმცა, თუ მაშინ სიტუაციაში არცთუ ისე კარგად გარკვეულ რუს ტურისტებს “ნარინჯისფერი რევოლუციით” აშინებდნენ, ახლა არაფრის მოფიქრება აღარ არის საჭირო. დამსვენებლებზე თავდასხმა, ერთ-ერთი მათგანის მკვლელობა, ორი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნა, რამაც რუსეთის სამი მოქალაქე იმსხვერპლა, აფეთქება საწყობში, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა, და ამას დამატებული ადგილობრივი კოლორიტი – არასრულწლოვნის გაუპატიურება, ღირსების დასამარება უკანონობა სასამართლოში და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება – ერთი სიტყვით, ყველაფერი.

ამას ემატება საინფორმაციო ფონი, რომელიც უდავოდ მუშაობს ტურიზმით მცხოვრები რესპუბლიკის წინააღმდეგ. ტურისტულ საგზურებზე უარს ბევრი ამბობს. ბიზნესმენებიც პანიკაში არიან – იფიქრეს, სეზონი წარმატებული იქნებოდა, აიღეს ვალი და მალე ვალის გასტუმრების დროც დადგება.

რა ხდება მაშინ, როდესაც ვალს არ აბრუნებ? იზრდება დანაშაულების რაოდენობა. დანაშაულის ზრდა ტურიზმის ნაკადზე მოქმედებს და ფულიც სულ უფრო ცოტა შემოდის.

ზოგიერთს შეუძლია ისიც თქვას, რომ აფხაზეთში დანაშაულის მაჩვენებელი ადრეც მაღალი იყო, თუმცა ტურისტები მაინც ჩამოდიოდნენ. დიახ, ეს ასეა, მაგრამ მაშინ ტურისტი ჩვეულებრივი იყო – არც ისე მდიდარი, რუსეთის ღრმა სოფლიდან, რომელსაც დიდი მოთხოვნები არ ჰქონდა. ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ რუსეთის ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისი სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებზე აისახა. მათ შორის ბევრს საკუთარ დასვენებაზე ფიქრის ფუფუნება აღარ აქვს, რადგან ბოლო ფულს საკვებზე ხარჯავს.

რა თქმა უნდა, რესპუბლიკაში ესმით, რომ ეს მძიმე პერიოდი რუსეთშიც და აფხაზეთშიც დასრულდება. ისიც ესმით, რომ ამ რთულ წლებში არსებული შემოსავლები გაფლანგეს. რა თქმა უნდა, გარკვეული მოვლენები აფხაზური ხელისუფლების შესაძლებლობებს მიღმა ვითარდება, მაგალითად, აფხაზეთის სატრანსპორტო ხელმოსაწვდომობის საკითხი; აეროპორტი, რომელიც 2008 წლიდან, ყველა განცხადების მიუხედავად,  ვერ ამუშავდა, ჩრდილოკავკასიის საგზაო პროექტი კი გეგმად დარჩა. გასაგებია, რომ ასეთი პროექტების რეალიზაცია მხოლოდ რუსული ფულითაა შესაძლებელებელი [თუმცა, გვახსოვს, ალექსანდრ ანქვაბი ჩრიდლოეთ კავკასიაში კოდორის ხეობის გავლით გზის გახსნის წინააღმდეგი იყო]. წყალი, ელექტროენერგია განრიგით, ტურისტული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ნორმების სანიტარული კონტროლი და, ზოგადად, ტურისტების უსაფრთხოება –  ხომ ზუსტად ვიცით, რომ ეს ის სფეროებია, რომლებზეც აფხაზური ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

უკეთესი ვითარება არც აფხაზური ეკონომიკის სხვა მიმართულებებშია. 2015-2016 წლებში რუსული ფინანსური დახმარების არარსებობამ [ფული მხოლოდ რუსეთის მოქალქეების პენსიებისა და ძალოვნების ხელფასებისთვის ირიცხებოდა] სხვა საბიუჯეტო სექტორებიც კრიზისში ჩააგდო. მაგალითად, მშენებლობის სექტორი. ასევე, საბანკო სექტორი, რომელიც რუბლის ზონაშია და დაფინანსების დაგვიანების ლიკვიდურობის კრიზისს აწყდება.

ამასობაში, ეს გაუარესებული სიტუაცია აშკარად მორიგი პოლიტიკური კრიზისის დასაწყისია. ოპოზიცია, რომელსაც არ სურს ისედაც ჩავარდილი ტურისტული სეზონი გაამწვავოს, ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება, თუმცა შემოდგომაზე უპირობოდ გააქტიურდება ქუჩის აქციების სახით. ადვილი მისახვედრია, რომ კრიტიკის ობიექტი შს მინისტრი, რაულ ხაჯიმბას ერთი -ერთი მთავარი თანამებრძოლი ასლან კობახია გახდება. მთავარი თემა კი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები იქნება.

აი, მაგალითად, პარტიის “ქალები პოლიტიკაში” ლიდერის, ირინა აგრბას გამოსვლა 24 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების [რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა] წლისთავზე გამართულ ოპოზიციის პრესკონფერენციაზე: “ ჩვენი ქალები მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად ვალს იღებენ. ეს თქვენ იცით. გვრცხვენია, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თავის გატანა ძალიან რთულია. არანაირი ახალი წარმოება არაა. სამუშაო ადგილები შემცირდა. სამშენებლო სფეროს დახურვის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი ჩავარდა. ნუთუ საზოგადოებას არ აქვს უფლება, ხელისუფლებისგან უახლოესი დროის ანტიკრიზისული გეგმა მოითხოვოს, რათა გაიგოს, რას აპირებენ ისინი?”

აფხაზური ხელისუფლების ბოლო იმედი დღეს რუსეთია. რუსეთთან შს ორგანოების საიფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თანახმად, ივნისის ბოლოს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აფხაზეთი საბოლოოდ მიიღებს ფულს. აფხაზეთში რამდენმე საათით შემოვლისას, ვლადიმერ პუტინმა პოლიტიკური სტაბილურობის საჭიროებაზე საუბარში რაულ ხაჯიმბას მხარი დაუჭირა. თუმცა საკმარისია  ეს იმისთვის, რომ დაამშვიდო მოსახლეობა, რომელიც სიღრიბით, დანაშაულებრივი ფაქტებით, კომუნალური პრობლემებითა და კორუფციით დაიღალა?

IMG_6798

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი