მისი თქმით, არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ბიზნესზე ზეწოლა სწორედ ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან მიდიოდა და ეს მასალა ბიძინა ივანიშვილსაც გაეგზავნა:
“დოკუმენტები, რომელიც მე დღეს აქ მოვიტანე, ეხება ბიზნესს, რომელიც იქნა განადგურებული ლაშა ნაცვლიშვილის და გელა ხვედელიძის მიერ. პირმა, რომელიც დაზარალდა, მე მომმართა დახმარებისთვის, როგორც უფლებადამცველს”, – განაცხადა მან. მისი თქმით, შპს “გიორგიმ”, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა და ტენდერში გაიმარჯვა, აღადგინა ხრამი-რუსთავის უმოქმედო, ამორტიზირებული წყალსადენი. აღნიშნული შპს-ს ვალი მილიონობით ლარის ოდენობით ჰქონდა “გარდაბანწყალს” და “თბილსრესს”, მათ კომპანიას ვალის ნაწილობრივ დაბრუნება შესთავაზეს იმ პირობით, რომ დოკუმენტები ისე გაფორმდებოდა, თითქოს მთლიანი ვალი დაბრუნებული ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც შპს “გიორგის” ხელმძღვანელმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა, მისი განადგურება დაიწყეს:
“2003 წელს მას მოუვიდა ბატონი გელა ხვედელიძისგან ძალიან საინტერესო ბრალდება, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გელა ხვედელიძემ მას მისწერა, რომ განიხილა მოკვლეული მასალები შპს “გიორგის” უკანონო საქმიანობის შესახებ; ის აღნიშნავდა, რომ ბიზნესს შპს “გიორგი” უკანონოდ აწარმობებდა. საინტერესოა, ჯერ უშიშროებას რა ხელი ჰქონდა ბიზნესთან, ხოლო 2005 წელს ფაქტიურად იგივე შინაარსის ბრალდებას ხელი მოაწერა ლაშა ნაცვლიშვილმა”.
აღნიშნული პირის განცხადებით, ამის შემდეგ კომპანიის მილები, რომლითაც ის გარდაბანს წყლით ამარაგებდა, მიწიდან ამოიღეს, დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს, რის გამოც კომპანია გაკოტრდა. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ბიზნესომბუდსმენს, წერილი გაეგზავნა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, შპს “გიორგის” დამფუძნებელმა მიმართა პროკურატურასაც, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმა განაცხადა, რომ დასჯის საფუძველი არ არსებობს.