ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, თუ რატომ შეცვალა მთავრობამ პოზიცია ამ საკითხზე მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის ეს კოდექსი “როზა ლუქსემბურგის ოცნებას” შეადარა და აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის ბიზნესს და დასაქმებას საქართველოში.
ივანიშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ნორმალური კანონის პროექტი წარუდგინა მთავრობას
“მთავრობამაც ეს დაამტკიცა. მთავრობის სხდომაზე 35-40 საკითხი გამოდის და 3-4 წუთია ერთ საკითხზე და ძალიან დაწვრილებით ვერ განიხილავ ამხელა შრომის კოდექსს. ერთადერთი წინააღმდეგი კაცი იყო მარგველაშვილი მაშინაც, თუმცა მაინც დავამტკიცეთ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილს გუნდურობის პრინციპი არ დაურღვევია, როდესაც სტუდენტებთან საუბრის დროს გააკრიტიკა შრომის კოდექსი.
“გიორგის ეს საჯაროდ არ განუცხადებია და გუნდიდან არ გასულა, გიორგი თანმიმდევრული იყო, ეს ჩაუწერეს სტუდენტებმა და გამოუგდეს, ის არ აპირებდა საჯაროდ ამის თქმას”, – განაცხადა ივანიშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა შრომის კოდექსი GIPA-ს სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკრიტიკა. ასეთი შეხვედრები აღნიშნულ ინსტიტუტში რეგულარულად იმართება მინისტრებთან და იგი ღიაა როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე ხდება რეგულარულად ამ შეხვედრების ტრანსლირება ინტერნეტით – “ლაივსტრიმით”.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ კარგი კანონის პროექტი მოამზადა, მაგრამ ჰქონდა ერთი ნაკლი – ის “სათანადოდ არ იყო შეჯერებული ბიზნესელიტასთან”. პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენები გამოახმაურნენ შრომის კოდექსის პროექტს, მთავრობამ ამაზე გააკეთა მეორადი რეაქცია და ამის გამო გახდა ეს კოდექსი თავად მისი მხრიდანაც კრიტიკის საგანი:
“მე არა ვარ პროფესიონალი იურისტი, დავენდე გუნდს, გააკეთეს სწორად, მაგრამ რეაქცია გაკეთდა ბიზნესიდან და ამაზე გავაკეთეთ მეორადი რეაგირება, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, ორივე გვჭირდება ჩვენ – დაქირავებულიც და დამქირავებელიც.”
ბიძინა ივანიშვილის თქმით, შრომის კოდექსის პროექტზე მუშაობა გრძელდება, ბიზნესმენების შენიშვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინეებული და მეორე მოსმენაზე მთავრობა უფრო დახვეწილ შრომის კოდექსის პროექტს მიაწვდის პარლამენტს.