ახალი ამბები

ივანიშვილი: საიამ გადააჭარბა თავის უფლებებს

14 მაისი, 2013 •
ივანიშვილი: საიამ გადააჭარბა თავის უფლებებს

ბიძინა ივანიშვილს მედიასთან შეხვედრისას დღეს, 14 მაისს, კითხვა დაუსვა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა საია–ს 13 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით. განცხადება ეხებოდა საია–ს მიერ ციხეში სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების მონახულებას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათ საია–ს წარმომადგენელს განუცხადეს, რომ დაკითხვისას მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა. საიამ კი ამბით დაინტერესებისკენ მოუწოდა სამართალდამცავებს.

 

“საია–ს განცხადებას რაც შეეხება, მათ აქვთ უფლება, ეს ეჭვი გამოთქვან და პროკურატურა და ჩვენც დავინტერესდებით, კანონმდებლობით როგორ არის შესაძლებელი. გამოძიებაში არ ვერევი, მე ვერც იმას მოგახსენებთ, რამდენად სწრაფად დასრულდება. ზოგადად ვკითხულობ და მეუბნებიან, რომ ფაქტებია საკმარისზე მეტი და მე არ მაქვს იმის იქით ჩარევის უფლება გამოძიებაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან საუბარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე საუბრით განაგრძო.

 

“საია კარგად ახსენეთ და კარგია. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ჩემი დიდი სურილია და ვაპირებ მეც ამ პროცესში ჩავერთო, მაგრამ აქაც შევახსენებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც, მათ შორის საია–ს წევრებსაც, რომ მათაც თავისი ფუნქცია აქვთ და საია ვერ გახდება ახალი მოსამართლე, ვერ ექნება იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე მათ აქვთ კანონით მინიჭებული, რამეთუ მე მათი რეაგირების წინანდელ ფაქტებსაც ვიხსენებ.

 

საზოგადოებამ მინდა გაიგოს, სახელმწიფოსაც ჰყავს სტრუქტურები,  სტრუქტურებს აქვს თავისი დანიშნულება, სახელმწიფოში არსებობს კანონი და ყველას აქვს კანონის მიხედვით თავისი უფლების განხორციელების საშუალება და ზედმეტ აქცენტს ნუ მივცემთ, საიამ თქვა და ქვეყანა უნდა აყირავდეს, არც ასეა საქმე. მე მგონი, რომ მათ გადააჭარბეს თავის უფლებებს, მაშინ მე კითხვა არ დამისვია და რეაქცია არ გავაკეთე, მაგრამ მე მაინც იქ ვრჩები, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მაქსიმალურად იაქტიუროს და, გნებავთ, გადააჭარბონ თავის უფლებებს, გნებავთ, საიამაც. ოღონდ საზოგადოებას ვახსენებ, ნუ წარმოიდგენთ საია–ს სახელმწიფო სტრუქტურად. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და მათ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და საზოგადოებამ უნდა გააკეთოს კარგი ანალიზი”, –განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი