ახალი ამბები

30 აგვისტო: აბასთუმანში კვლავ ხანძარს ებრძვიან, ლიკანში ლიკვიდირებულია

30 აგვისტო, 2017 • 1832
30 აგვისტო: აბასთუმანში კვლავ ხანძარს ებრძვიან, ლიკანში ლიკვიდირებულია

ბორჯომის შემდეგ ხანძრის ახალი კერებია საქართველოს სხვადასხვა ტყეში – ამჯერად  ხანძრის მთავარი კერა აბასთუმნის ტყეა.

აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებული არაა. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, მაშველები იქ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ტყეში გაჭრეს 4 -კილომეტრიანი გზა, რათა სახანძრო მანქანებმა ცეცხლის კერებთან მისვლა შეძლონ.

ამჟამად აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალაა ჩართული.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა  სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. ამ დროისთვის ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთვნენ.


ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც.

უცნობია, ამ ეტაპზე რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი აბასთუმანში.   ამ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები აღარ ავრცელებენ. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, აბასთუმნის ხანძარი მასშტაბურია და დიდ ტერიტორიას ფარავს.

აბასთუმანში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. მანამდე საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომში. ხანძრები ყოველდღიურად ჩნდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ტყეებში.

გუშინ ხანძარი გაჩნდა ლიკანის ტყეშიც, რომელიც საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, უკვე ლიკვიდირებულია:

“არ იყო ღი ცეცხლი, მალევე მივიდნენ. ტორფი იწვოდა, რაც საშიშია, მოგეხსენებათ.  რამდნეიმე ათეული მეხანძრე მაშველი მთელი  ღამე მუშაობდა  ამ დროისთვის ლიკვიდირებულია”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი