ახალი ამბები

პროკურატურა: ფარული ვიდეოკადრების გავრცელების გამოძიებას ხელი ნაცვლიშვილმა შეუწყო

13 მაისი, 2013 • • 1013
პროკურატურა: ფარული ვიდეოკადრების გავრცელების გამოძიებას ხელი ნაცვლიშვილმა შეუწყო

“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის მიერ ინტერნეტ სივრცეში X-სა და სხვათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ორგანიზებასა და საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს მოცემულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის მაქსიმალურ საჯაროობას და ხელმისაწვდომობას და, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დარწმუნდეს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

 

რაც შეეხება საჯარო განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ბიზნესის ლობირების თაობაზე, ეს განცხადებები არაფრით არ არის დასაბუთებული და წარმოადგენს მხოლოდ ცალკეულ პირთა პირად მოსაზრებებს. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა, მოქმედი  კანონმდებლობის თანახმად, მათ საფუძველზე გამოძიებას ვერ დაიწყებს”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში, რომელიც დღეს, 13 მაისს გავრცელდა. 

 

პირმა, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ამ ვიდეოს გავრცელებაში მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, პრემიერ–მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი და შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე დაადანაშაულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს ამ ვიდეოს გავრცელებისთვის გელა ხვედელიძე დააკავა, თუმცა არაფერი არ უთქვამს საქმეში სხვა პირების მონაწილეობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი