ახალი ამბები

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

29 აგვისტო, 2017 • 2277
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე ლოკალიზებული არაა. სამუშოებს მიუვალი რელიეფი ართულებს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე მუშაობს შსს-ს 500-მდე თანამშრომელი და მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, თუმცა იმის გამო, რომ ცეცხლის კერები მიუვალ ტყეშია, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი რთულდება.

ადგილზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, აბასთუმანში მძიმე ტექნიკა გამოიძახეს, რათა კერებამდე მისასვლელი გზა გაიჭრას და სახანძრო მანქანები კერამდე მივიდნენ:

“ჩვენ გამოვიძახეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც უახლოეს საათებში უკვე ადგილზე იქნება და დაიწყებს მუშაობას, გზების გაჭრას დაიწყებს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს, სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე მივიდეს. ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან, ასევე შემოგვიერთდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, რომელმაც ბორჯომშიც და ახალციხეშიც მოახდინა ხანძრის კერების ლიკვიდაცია. ეს ადამიანები გადმოვისროლეთ ამ ცხელ წერტილში“ – განაცხადა მღებრიშვილმა.

შსს-ს განცხადებით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტისგან შორსაა. ადგილობრივები “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობენ, რომ დაკვამლიანება დღის განმავლობაში აბასთუმანშიც იგრძნობოდა. შსს-ში არ აკონკრეტებენ, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი დაბა აბასთუმანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი