ახალი ამბები

ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობას განაგრძობს

13 მაისი, 2013 •
ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობას განაგრძობს

ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” დღეს, 13 მაისს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. იუსტიციის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებენ, მთავარი პროკურატურიდან კი შსს–სთან გადაგვამისამართეს, რადგან სწორედ ეს უწყება იძიებს მოქალაქეის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განგვიცხადეს, რომ როცა უწყება ჩათვლის საჭიროდ, ამ საკითხზე მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელებს განცხადებას.

მთავარ პროკურატურაში კი “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ამ დრომდე აგრძელებს არჩილ კბილაშვილის მოადგილედ მუშაობას.

მოქალაქემ, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა გავრცელდა რამდენიმე კვირის წინ, ამ მასალის გავრცელებაში

ლაშა ნაცვლიშვილი
ლაშა ნაცვლიშვილი

დაადანაშაულა პრემიერ–მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.

12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კადრების გავრცელების გამო დააკავა თავისი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე, თუმცა არაფერი  უთქვამს სხვა პირების ბრალეულობაზე.

“ჩემმა პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ ჩაიდინა არა მარტო დანაშაული, არამედ მოხელისათვის და, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო ბოლო პერიოდში მის მიმართ მედიით გავრცელებული, პირადად ჩემი შეფასებით, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამებები და X–ზე შურისძიების მოტივით განათავსა ეს კადრები ინტერნეტსივრცეში, მისი ფიქრით, ანგარიშსწორების ამ ფორმით შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამლებლური კამპანია. ჩემი ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია,”– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის თქმით, ეს კადრები წინა ხელისუფლების დროს იყო გადაღებული და არქივში ინახებოდა, რომლის უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელი გელა ხვედელიძე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი