ახალი ამბები

ექვსთვიანი “კვლევითი პრაქტიკის” დასასრული იუსტიციის სამინისტროში

13 მაისი, 2013 • • 1030
ექვსთვიანი “კვლევითი პრაქტიკის” დასასრული იუსტიციის სამინისტროში

პრეზენტაცია ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან მიხელიძემ გახსნა. მან სტუდენტებს პრაქტიკის დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათთვის პროფესიული ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

 

საკუთარი კვლევები წარმოადგინეს ილიაუნის, თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ახალგაზრდა იურისტებმა და სოციოლოგებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ნაფიცი  მსაჯულები, მათი შერჩევის წესი და ქართველი საზოგადოების განწყობები ამ ინსტიტუტის მიმართ; სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიები მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების პროცესში; მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები; მედიის მონაწილეობის ფორმები სასამართლო განხილვის პროცესში; ინსტიტუციური შეზღუდვები მოსამართლეების თავისუფლებაზე –   კომენტარი გააკეთონ პოლიტიკურ მოვლენებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე; სასამართლო განხილვის მონაწილეთა ანონიმურობის უზრუნველყოფა; საქართველოში სასამართლო სისტემისადმი დამოკიდებულების კვლევის მეთოდოლოგია და სხვ.

 

პროექტი “კვლევითი პრაქტიკა” იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გასულ წელს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ყველა უნივერსიტეტის იურიდიული და სოციოლოგიური ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს შეეძლოთ. საუკეთესონი ტესტირებისა და გასაუბრების გზით შეირჩნენ.

 

ახალგაზრდა იურისტები და სოციოლოგები 6 თვის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მუშაობაში, მონაწილეობდნენ შეხვედრებსა და დისკუსიებში შესაბამისი სფეროს ექსპერტებსა და პრაქტიკოსებთან. თემების შერჩევის შემდეგ კი სტუდენტებმა კვლევითი საქმიანობა ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ზედამხედველობითა და დახმარებით წარმართეს. იუსტიციის სამინისტრომ წარმატებულ პრაქტიკანტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებს კვლევითი პრაქტიკისათვის კრედიტებიც მიენიჭათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი