ახალი ამბები

სიცრუის კამპანია ფეისბუკში ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ

28 აგვისტო, 2017 • 11022
სიცრუის კამპანია ფეისბუკში ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ

27 აგვისტოს რამდენიმე ცნობილმა ფეისბუკგვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თითქოს ნაციონალური მოძრაობისა წევრები ალეკო ელისაშვილისთვის ცესკოში წარსადგენ ხელმოწერებს აგროვებდნენ, რასაც უარყოფს როგორც ენმ, ისე ზაალ უდუმაშვილის შტაბი.

როგორც ნეტგაზეთს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში განუცხადეს, ალეკო ელისაშვილისთვის ხელმოწერების შეგროვების დავალება თავიანთი პარტიიდან ან ზაალ უდუმაშვილის შტაბიდან არავის მიუღია. თავად თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს.

სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე თვითმხილველი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მაისურებში გამოწყობილი ჯგუფი დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში “აგროვებდა” ხელმოწერებს და ვიდეოს გადაღების შემდეგ დატოვეს ტერიტორია. შესაბამისად, სამგორის მეტროსთან ენმ-ის მაისურებში გამოწყობილმა პირებმა უბრალოდ წარმოდგენა დადგეს, რაც ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

დადგმული ვიდეო, რომელსაც ფეისბუკის გვერდები: მიხეილ უკრაინოლოგი, ნაცია – ადამიანი? და ძაან უდუმაშვილი აღწერენ და ავრცელებენ, როგორც დადასტურებულ ფაქტს, ჯამში, უკვე 150 000-ზე მეტი ნახვა აქვს. მათ გარდა, ამას ავრცელებს კიდევ არაერთი ფეისბუკგვერდი და საინფორმაციო სააგენტო. ელისაშვილის დისკრედიტაციის მიზნით რამდენიმე გვერდი ხშირად ასპონსორებს კიდეც სხვადასხვა მასალებს.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ხელისუფლება ათეულობით ათას დოლარს ხარჯავს იმის სანაცვლოდ, რომ ეს ფული გაჭირვებულ ხალხს მოახმაროს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, მისი სახელით სოციალურ ქსელში შექმნილია რამდენიმე ყალბი გვერდი, რომლებიც ასევე დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ მხოლოდ მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია დაიჯერონ.

ვისი გადაღებულია სამგორის მეტროსთან ვიდეო და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თბილისის მერობის კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნით დადგეს წარმოდგენა, ამის გარკვევა პოლიციას მოუწევს. ალეკო ელისაშვილი მის წინააღმდეგ აგორებული სადეზინფორმაციო კამპანიის შესახებ სამგორის პოლიციაში საჩივრის შეტანას დღეს აპირებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 21 აგვისტოს მიღებული დადგენილების თანხმად, ელისაშვილს, როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, 10 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად რამდენიმე დღე დარჩა. როგორც ალეკო ელისაშვილის პრესსპიკერი ლაშა მესხი ამბობს, დღეის მონაცემებით, თითქმის უკვე შეგროვებული აქვთ საჭირო რაოდენობის ხელმოწერა, თუმცა მათი გუნდი აპირებს, რომ უფრო მეტი ხელმოწერა წარადგინოს ცესკოში.

24 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა კონკურენტ ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარება შესთავაზა. ალეკო ელისაშვილმა ზაალ უდუმაშვილს ამისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა მის და ნაციონალური მოძრაობის დახმარებაზე უარი განაცხადა.

    • 27 აგვისტო – სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიზე გადაღებული ვიდეო, სადაც თითქოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ალეკო ელისაშვილს ცესკოში წარსადგენ ხელმოწერებს უგროვებენ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი