ახალი ამბებისამართალი

თბილისის საკრებულოს წევრს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

27 აგვისტო, 2017 • 4596
თბილისის საკრებულოს წევრს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს წევრ ზურაბ ნეფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთ ღონისძიებად გამოძიების მხარე პატიმრობას, დაცვის მხარე კი, 5 ათასლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე გუშინ, 26 აგვისტოს დააკავა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას ნიშნავს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ნეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაცვის მხარე აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება. მათ ამისთვის 48 საათი აქვთ.

პატიმრობა შეუფარდეს ამავე საქმეზე დაკავებულ თბილისის საკრებულოს თანამშრომელს, რომელიც ბრალდების მიხედვით, ეხმარებოდა ნეფარიძეს ქრთამის აღებაში.

დღეს  ცნობილი გახდა, რომ სუს-მა გამოძიება ზურაბ ნეფარიძის ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის, დალი მამულაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო. წერილის მიხედვით, მამულაშვილი კუთვნილი ხელფასის ნაწილს  ნეფარიძეს აძლევდა. თუმცა საკრებულოს დეპუტატის ადვოკატი განმარტავს, რომ თანამშრომლები თავისი ნებით დებდნენ ყოველთვიურად ფულს ხელფასიდან სხვადასხვა ღონისძიებისთვის, მათ შორის- მაჟორიტარის ბიუროს კომუნალური ხარჯებისთვის.

დღესვე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში დევს ზურაბ ნეფარიძის შვილის ჩვენებაც, რომელიც მოწმის სტატუსით დაკითხეს. პროკურორის განმარტებით, შვილი ადასტურებს ქრთამის აღებას, თუმცა დაკავებული ადვოკატი ამბობს, რომ შვილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ბიუროს თანამშრომლები ყოველთვიურად დებდნენ ფულს ოფისის საჭიროებებისასთვის.

ზურაბ ნეფარიძე თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ეროვნული ფორუმის” წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი