ახალი ამბები

ჭორვილა– პრეზიდენტთან სტუდენტების დისკუსიის ერთ–ერთი მწვავე თემა [ფოტო/ვიდეო]

11 მაისი, 2013 •
ჭორვილა– პრეზიდენტთან სტუდენტების დისკუსიის ერთ–ერთი მწვავე თემა  [ფოტო/ვიდეო]

“რამდენიმემ დავუსვით მწვავე კითხვები. რაც შეეხება ჩემს შეკითხვას პირადად, მან შემოსვლის დროს გააკეთა განცხადება შესავალივით, სადაც ახსენს ჭორვილა ძალაინ ცუდად და მე გადავწყვიტე კითხვის დასმამდე შევხებოდი ამ საკითხს და ვუთხარი, რომ მე ვარ ამაყი, რომ ვარ ჭორვილელი და ის, რასაც ამბობდა და ფიქრობდა ჭორვილაზე, იყო სიცრუე, რადგან, მან თქვა, რომ ხალხი იქ არაფერს არ აკეთებს და ტყუილად აძლევენ იქ ფულს”– განაცხადა სტუდენტმა ნინო კაპანაძემ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, მისი ამსახველი ვიდეომასალა მაინც გავრცელდა, რომელზეც აღნიშნული დისკუსიაა ასახული. გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ სტუდენტი ნინო კაპანაძე პრეზიდენტს ეუბნება:

 

“თქვენ კარგად იცით, რომ იქ რაც კეთდება და რაც გაკეთდა, ვისი დამსახურებაცაა, მე მახსოვხართ, ზურაბ ჟვანიასთან და ნინო ბურჯანაძესთან ერთად  ბატონი ბიძინა ივანიშვილის კარებთან როგორ  ელოდებოდით შესვლას, ეს იყო დაახლოებით რევოლუციის პერიოდი”

 

მიხეილ სააკაშვილმა პასუხად ნინო კაპანაძეს უთხრა, რომ რასაც ის ამბობდა, ტყუილი იყო:

 

“არა მხოლოდ არ ვყოფილვარ,  გული მერევა ჭორვილის იდეაზე, არა როგორც სოფლის,  არამედ გული მერევა იმ იდეაზე, რომ ვიღაც ჩემთან მოვიდეს და მითხრას, მოდი შენ დაჯექი სახლში, მაცივარს მე გიყიდი, იმ მაცივარს მე გაგივსებ, ოღონდ ხმა არ ამოიღო.  მე არ მინდა საქართველო იქცეს ამ ტიპის საცხოვრებლად, სადაც ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ,  დივანზე წამოწექი, პირები გააღეთ, მაცივრები ღია დატოვეთ, ჩვენ მოვალთ და  გაგივსებთ ერთი რამის სანაცვლოდ, რომ ხმას არ ამოიღებთ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი არ იყოს”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

 

ორსაათიანი დისკუსიის შემდეგ ჟურნალისტებს  სტუდენტებთან  და იმ ადამიანებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ, ვინც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ. 

 

სტუდენტების განცხადებით, პრეზიდენტს შეკითხვები დაუსვეს 2008 წლის აგვისტოს ომზე, ციხის კადრებზე, საპროტესტო აქციებზე, განათლების საკითხებზე და სხვა. 

 

“პრეზიდენტმა თითქმის ამომწურავად გასცა პასუხი შეკითხვებს, მაგრამ რაც მისთვის საინტერესო არ იყო, ცდილობდა არ ეპასუხა. ის თავს იმართლებდა მის გამოსვლაში და ვკითხე არ დადგა მომენტი, რომ ქართველი ხალხის წინაშე საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში.  ამაზე ღიმილით მიპასუხა და ისიც შევახსენე, რომ საქართველომ ამ ომში დაკარგა ტერიტორიები. გააღიზიანა ჩემმა კითხვამ პრეზიდენტი. სხვათა შორის, ერთ ჭორვილელ გოგონას დაცინივით უპასუხა”– განაცხადა ილიაუნის სტუდენტმა თორნიკე წიქვაძემ

 

შეკითხვაზე, ნორმალურია თუ არა, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ [ციხის კადრები]  ქვეყნის პირველ პირს ინფორმაცია არ ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:

 

“ძალიან არანორმალური იქნებოდა, ქვეყნის ლიდერმა იცოდეს ყველა სარდაფში რა ხდება, ამას ჰქვია ტოტალიტარული რეჟიმი. სისტემა უნდა შეიქმნას ისეთი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს.”– განაცხადა სააკაშვილმა. 

 

სტუდენტები გარდა შეხვედრა შეაფასეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა. 

 

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა:

 

“ყველა, ვისაც რა კითხვა უნდოდა, სვამდა, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ძალიან კარგი, ჩემი აზრით, დაძაბულობა ამ შეხვედრაზე ნამდვილად არ ყოფილა, შეგიძლიათ სტუდენტებს თავადვე გაესაუბროთ”– განაცხადა ნადირაშვილმა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადებით, მიუხედავად, ვის რა აზრი ჰქონდა, შეხვედრაზე იყო საშუალება აზრთა გაცვლა მომხდარიყო. 

 

შეხვედრის პარალელურად აქციას მართავენ ყოფილი პოლიტპატიმრების ნაწილი, მათ შორის მელორ ვაჩნაძე, რომელიც  აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა სურდა.  ილიაუნის კორპუსთან ასევე იყვნენ ის სტუდენტები, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლეს. როგორც სტუდენტები აცხადებდნენ, მათ რეგისტრაციის პროცედურა დროულად გაიარეს, თუმცა შეხვედრაზე მაინც ვერ მოხვდნენ. 

 

“რეგისტრაცია გავიარე დროულად, არ დამიგვიანია. ჩემმა დეკანმა პასუხის ღირსადაც არ ჩამაგდო, როგორც ახლა გავიგე, პირველი 30 ვინც დარეგისტრირდა, მხოლოდ იმათ უშვებდნენო, თუ ასე იყო, მაშინ უნდა მოეწერათ, რომ რაოდენობა შეზღუდული იყო და გავიგებდით შესაბამისად, რომ ვერ მოვხვდით იმ რაოდენბაში და წავიდოდით, მაგრამ ეს ყველაფერი მოიფიქრეს ახლა, დარწმუნებული ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ მოვისმინე აზრი, რომ პოლიტიკური ნიშნის გამო არ უშვებენ სტუდენტებს, ამაზე შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან მე სხვებსაც ვუთხარი და კიდევ ვიტყვი, რომ ვარ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ახლა სერიოზულად შემერყა რწმენა”.– განაცხადა სტუდენტმა ლელა ფაიქიძემ. 

 

პრეზიდენტთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ ჟურნალისტებთან განმარტა თუ რატომ ვერ მოხვდა ყველა მსურველი შეხვედრაზე: 

 

“ყველას ვერც ექნებოდა საშუალება, 11 000 სტუდენტი როცა გყავს და 100 ადგილია აუდიტორიაში, ამაზე უფრო დიდი აუდიტორია უბრალოდ არ გვაქვს. 2 დღით ადრე ყველა სტუდენტს შეტყობინება გაეგზავნა. ამ შეტყობინებაში ეწერა, რომ საკუთარი დეკანებისთვის უნდა გაეგზავნათ წერილი, რომ სურვილი აქვთ დასწრების, შემდეგ თუ  ისინი მოხვვდებოდნენ იმ ქვოტაში, რომელიც ჰქონდა თითოეულ ფაკულტეტს, სულ 4 ფაკულტეტია და თითოეულიდან 20–30 უნდა ყოფილიყო, თუ ისინი დაასწრებდნენ სხვებს, მოხვდებოდნენ. ვინც დაასწრო, ისინი მოხვდნენ”.– განაცხადა მან

 

უნივერსიტეტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის შესვლაც და გამოსვლაც აქციისა და შეძახილი ფონზე მიმდინარეობდა.  ილიაუნის შენობის დატოვების შემდეგ პრეზიდენტის ესკორტს აქციის მონაწილეებმა ჰალსტუხი ესროლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. პრეზიდენტმა შეხვედრაზე შესვლაც და მისი დატოვებაც უსაფრხთოდ შეძლო. 

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა სპეციალური განცხადებაც გააკეთა. იგი ილიაუნის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორების რაოდენობას შეეხო: 

 

“აქ თქვენ ძალაინ ბევრი ჟურნალისტი ხართ, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არანაკლები კამერა აქ ყავდა გამოშვებული შინაგან საქმეთა სამინისტროს,  მე ვხედავდი, რომ ისინი იღებდნენ ჩვენს ყველა ნაბიჯს, მე რას ვაკეთებდი, ადმინისტრაციის უფროსი რას აკეთებდა. ჩემთვის ძალინ გასაკვირია, რა იწვევს შინაგან საქმეთა მინისტრის ასეთ ინტერესს და რა საჭიროა ოპერატორების ამხელა ჯგუფის გამოშვება. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი სანამ თავის ღილებს ჩამოიტანს, სარგებლობს ყველასთვის შესამჩნევი კამერებით, ალბათ ცოტა ხანში მათ არსებობას  ვეღარ შევამჩნევთ. – განაცხადა ნადირაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შეხვდა პრეზიდენტი  სტუდენტებს. მიხეილ სააკაშვილს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც საპროტესტო აქციით დახვდნენ. 

 

 

 

 

პრეზიდენტის ესკორტი
პრეზიდენტის ესკორტი

 

აქცია ილიაუნისთან
აქცია ილიაუნისთან

 

მობილიზებული პოლიცია
მობილიზებული პოლიცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი