ახალი ამბები

პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

11 მაისი, 2013 • • 1257
პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

ერთ-ერთი საკითხი შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს არასამეწარმეო იურიდიული პირების გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განცხადებით,  საკითხი შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების – უნივერსიტეტების ორგანიზაციული, აკადემიური, ქონებრივი, ფინანსური და მმართველობითი ავტონომიურობის დაკნინებას.

 

“ბუნებრივია, კანონის უპირველესი მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესების დაცვა და განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა უნდა იყოს. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით აუცილებელია კანონპროექტში აისახოს ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტების ავტონომიურობას და რეორგანიზაციის შემთხვევაში, გაითვალისწინებს მათ პოზიციას. პრეზიდენტმა წარმოადგინა ძალზე საინტერესო რეკომენდაციები და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე გააზრებულად მიუდგება მას და გაითვალისწინებს აღნიშნულ შენიშვნებს“, – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა.

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა 7 მაისს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების გამო პრეზიდენტს ვეტოს დადების თხოვნით მიმართეს.

 

პრეზიდენტის მეორე ვეტო  საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებას უკავშირდება:

 

„აღნიშნული კანონპროექტი ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას. კერძოდ, ამ ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი ხდება იმ ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს კი მხოლოდ ერთთვიანი ვადა ექნება გადაწყვეტილების მისაღებად. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ერთი თვე ძალიან მცირე დროა და ამ ვადაში შეუძლებელია საქმის სრული და ყოველმხრივი განხილვა. ამ საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით სჭირდება მიდგომა, რადგან, შესაძლოა, შეიზღუდოს სხვადასხვა სუბიექტთა უფლებები. საქართველოს პრეზიდენტი ეთანხმება ამ პოზიციას, აღნიშნულ კანონპროექტსაც ადებს ვეტოს და უბრუნებს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის“.  – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

 

შეგახსენებთ, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა, პარლამენტმა ვეტო დაძლია. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი