ახალი ამბები

პრეზიდენტი სტუდენტებთან და ორი აქცია თსუ–ს პირველი კორპუსის ეზოში (VIDEO)

10 მაისი, 2013 • • 1274
პრეზიდენტი სტუდენტებთან და ორი აქცია თსუ–ს პირველი კორპუსის ეზოში (VIDEO)

“პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და საკუთარი თავიც აკრიტიკა”, – “ნეტგზეთთან” საუბარში ამბობს სტუდენტი თამთა გაჩეჩილაძე.


“იყო თემები, როდესაც კითხვა იყო კონკრეტული და პრეზიდენტი კითხვისგან ძალიან შორს მიდიოდა. მე მისგან რეალური არგუმენტები ვერ მოვისმინე”, – აცხადებს სტუდენტი ცოტნე ჯანელიძე.

სტუდენტთა ერთი ნაწილის თქმით კი, სააკაშვილმა ყველა საკითხზე ამომწურავად ისაუბრა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თსუ–ს პირველ კორპუსში პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას 1500–ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. სტუდენტები “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობენ, რომ მათ შეკითხვის დასმას არავინ უზღუდავდა, თუმცა გამომდინარე დროის სიმცირიდან და სტუდენტთა სიმრავლიდან, ბევრი შეკითხვის დასმა ვერ მოხერხდა. ‘ლაბორატორია 1918”–ის წევრი სანდრო ცაგარელი აცხადებს, რომ სულ, ჯამში, დაახლოებით 10–15 შეკითხვა დაისვა. 


სტუდენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტს შეკითხვა 1 მაისს ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შესახებაც დაუსვეს, რა დროსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით 20–ზე მეტი სტუდენტი დააკავეს, თუმცა სააკაშვილმა კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.


“თქვა, რომ პოლიციის მხრიდან იყო გადაცდენა, მაგრამ სამართლებრივი შეფასებისაგან თავი შეიკავა”, – აღნიშნავს ცოტნე ჯანელიძე. რამდენიმე სტუდენტი ამბობს, რომ შეხვედრა ნაადრევად დატოვა პროტესტის ნიშნად, მათ შორისაა ნიკოლოზ მეტრეველი.


“მე რამდენიმე შეკითხვა მქონდა უშუალოდ უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილს დამნაშავე და ე.წ. მაყურებელი უწოდა, ხოლო აფრასიძეები მკვლელებად მოიხსენია, შეხვედრა დავტოვე”, – განაცხადა მეტრეველმა.

 

მოგვიანებით ინტერნეტში მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სააკაშვილი უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებზე და ზურაბ ვაზაგაშვილზე საუბრობს:

 

მიხეილ სააკაშვილი  “მე ძალიან კარგად მესმის ეს მეთოდოლოგიაც და ეს მექანიკაც, მე თვითონაც გამომიყენებია, მე ძველი რევოლუციონერი ვარ, როგორ შეიძლება შემაშინონ სასტვენის სტვენით?! აი, ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ქუჩაში ხალხს ჩემი მთავრობის დროს, მითხარით. 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი მოკლეს? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად. მაგრამ ეს იყო იშვიათზე იშვიათი შემთხვევა”.


სტუდენტებთან დღევანდელი რამდენიმესაათიან შეხვედრას მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის მეშვეობით გამოეხმაურა.


“ შეხვედრამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა – ამდენ ახალგაზრდას ნამდვილად არ ველოდი და გამიხარდა, რომ დაინტერესება ძალიან დიდი აღმოჩნდა. ასეთი თბილი და შინაარსიანი შეხვედრა ახალგაზრდებთან დიდი ხანია არ მქონია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და შეკითხვები ყველა მიმართულებით დაისვა. მახარებს, რომ სტუდენტების დონე ყოველწლიურად იზრდება. ჩემო ძვირფასებო, მადლობას გიხდით იმ კეთილგანწყობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ, მათ შორის, იმ რამდენჯერმე დაკრული ტაშისთვის, რომელიც, არ მგონია, რომ ჯერ ბოლომდე დავიმსახურე. ასევე მადლობელი ვარ იმ მცირე ჯგუფისაც, რომელიც შეხვედრაზე თავიდანვე პროტესტის გამოსახატავად, პლაკატებით და სასტვენებით იყო მოსული. მთელი შეხვედრის განმავლობაში მათ ხელი არ შეუშლიათ და შეკითხვებსაც კი სვამდნენ. ის, რომ დარბაზი მათ მხოლოდ დასასრულისკენ დატოვეს, იმის მანიშნებელია, რომ ჩემმა საუბარმა ისინიც დააინტერესა”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.


პრეზიდენტისადმი საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები მხოლოდ დარბაზში არ მსხდარან, მისი გამოსვლის პარალელურად თსუ–ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამაინების ორმა ჯგუფმა გამართა საპროტესტო აქცია: ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და ერთ–ერთმა დამოუკიდებელმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ. ყოფილი პოლიტპატიმრები, რომელთაც მელორ ვაჩნაძე წარმოადგენდა, შეხვედრაზე დასწრებას მოითხოვდნენ, ხოლო სტუდენტები პირიქით, ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავდნენ.


“დარწმუნებული ვარ, რომ აქ წინასწარ ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ამიტომ ამ შეხვედრაში მონაწილებას არ ვაპირებთ. ამ კომფორტული გარემოს დარღვევა მაინც შეუძლებელია”, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ლევან ლორთქიფანიძემ. იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან კითხვები აქვს, თუმცა იმედი არ ჰქონდა, რომ ადეკვატურ პასუხებს მიიღებდა.


“კითხვები არის ძალიან ბევრი, მაგალითად; რატომ იყო 2011 წლის ბიუჯეტში მეცნიერებისთვის გამოყოფილი მხოლოდ 30 მილიონი ლარი, რატომ არიან უნივერსიტეტები ვაუჩერულ დაფინანსებზე, რატომ ნიშნავენ აკადემიური თანამდებობის პირებს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით, რატომ არ აქვს უნივერსიტეტებს ავტონომია უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ”.


ყოფილ პოლიტპატიმრებს კი სააკაშილთან შეკითხვები 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის და მათი დაპატიმრების შესახებ გააჩნდათ.


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის შენობაში 10 მაისს, დაახლოებით 13:15 წუთზე მივიდა. იგი თსუ–ს პირველ კორპუსში მთავარი შესასვლელიდან არ შესულა და სათადარიგო კარი გამოიყენა. აქციაზე ერთი ინციდენტიც მოხდა: დააკავეს პოლიტპატიმრების მიტინგის მონაწილე რეზი რევაზიშვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა. პრეზიდენტმა თსუ–ს პირველი კორპუსი ისევ სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა მომიტინგეების საპროტესტო შეძახილების და სტვენის ფონზე. სააკაშილის ესკორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მისი დაცვის წევრები, სამართალდამცველები და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი