ახალი ამბები

საპატრიარქო: ‘მარიამის პერანგის’ საკითხს მკვლევრების, ხობისა და ზუგდიდის საზოგადოების მონაწილეობით გადავწყვეტთ

26 აგვისტო, 2017 • 1724
საპატრიარქო: ‘მარიამის პერანგის’ საკითხს მკვლევრების, ხობისა და ზუგდიდის საზოგადოების მონაწილეობით გადავწყვეტთ

საპატრიარქო აცხადებს, რომ დადიანების სასახლის მუზეუმში დაცული “მარიამის პერანგის” საკითხს სწავლობს, მანამდე კი მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

დღეს, 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “მარიამის პერანგის”   ირგვლივ უკანასკნელ წლებში სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს.

10 აგვისტოს ზუგდიდში აქცია გამართეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს რეზიდენციასთან. ისინი მოითხოვდნენ, რომ არ გადაეცათ ერთი დღით მარიამის პერანგი ხობის ეპარქიისთვის.

დავა ‘მარიამის პერანგის’ გამო ორ ეპარქიას შორის

“მარიამის პერანგი”, ამ სახელითაა დაცული დადიანების სასახლის მუზეუმში ექსპონატი, რომელიც მორწმუნეების აზრით, მარიამ ღვთისმშობლის კვართია, რომელიც სიცოცხლეში ეცვა.

საპატრიარქო აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებას სწავლობს მის დაქვემდებარებაში მყოფი სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევრები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის სინოდს, მანამდე კი ზუგდიდისა და ხობის დაინტერესებულ მცხოვრებლებს მოუწოდებს სიმშვიდისა და მოთმინებისკენ.

“საეკლესიო სიწმინდეები, ღვთის მადლის მაძიებელთ აერთიანებს და არ განჰყოფს”, -წერია განცხადებაში.

დაუდგენელია, როგორ მოხვდა “მარიამის პერანგი” საქართველოში, არსებობს ორი ვერსია:- პერანგი შემოიტანეს მერვე საუკუნეში ბიზანტიიდან, ან მეთხუთმეტე საუკუნეში, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი