ახალი ამბები

სააკაშვილი: ძველი რევოლუციონერი ვარ, სასტვენით როგორ შემაშინებენ?

10 მაისი, 2013 • 988
სააკაშვილი: ძველი რევოლუციონერი ვარ, სასტვენით როგორ შემაშინებენ?

“მე ძალიან კარგად მესმის ეს მეთოდოლოგიაც და ეს მექანიკაც, მე თვითონაც გამომიყენებია, მე ძველი რევოლუციონერი ვარ, როგორ შეიძლება შემაშინონ სასტვენის სტვენით?! აი, ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ქუჩაში ხალხს ჩემი მთავრობის დროს, მითხარით. 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი მოკლეს? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად. მაგრამ ეს იყო იშვიათზე იშვიათი შემთხვევა”.


პრეზიდენტი სტუდენტებთან დღევანდელ შეხვედრას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სააკაშვილი შეხვედრით კმაყოფილია და სტუდენტებს მადლობას უხდის:


“სტუდენტებთან დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა – ამდენ ახალგაზრდას ნამდვილად არ ველოდი და გამიხარდა, რომ დაინტერესება ძალიან დიდი აღმოჩნდა. ასეთი თბილი და შინაარსიანი შეხვედრა ახალგაზრდებთან დიდი ხანია არ მქონია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და შეკითხვები ყველა მიმართულებით დაისვა. მახარებს, რომ სტუდენტების დონე ყოველწლიურად იზრდება.


ჩემო ძვირფასებო, მადლობას გიხდით იმ კეთილგანწყობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ, მათ შორის, იმ რამდენჯერმე დაკრული ტაშისთვის, რომელიც, არ მგონია, რომ ჯერ ბოლომდე დავიმსახურე.


ასევე მადლობელი ვარ იმ მცირე ჯგუფისაც, რომელიც შეხვედრაზე თავიდანვე პროტესტის გამოსახატად პლაკატებით და სასტვენებით იყო მოსული. მთელი შეხვედრის განმავლობაში მათ ხელი არ შეუშლიათ და შეკითხვებსაც კი სვამდნენ. ის, რომ დარბაზი მათ მხოლოდ დასასრულისკენ დატოვეს, იმის მანიშნებელია, რომ ჩემმა საუბარმა ისინიც დააინტერესა”, – ნათქვამია განცახდებაში.

 

დღეს მიხეილ სააკაშვილი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა. პარალელურად უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი