ახალი ამბები

ენმ-მ ზუგდიდში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

26 აგვისტო, 2017 • 1515
ენმ-მ ზუგდიდში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის  კანდიდატები წარადგინა

დღეს, 26 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინეს.

ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლევან კონჯარია იქნება, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი- ანი წითლიძე. პარტიამ საკრებულოს წევრობის სხვა კანდიდატებიც წარადგინა.

კანდიდატების წარდგენას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია და თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, ასევე, გრიგოლ ვაშაძე დაესწრნენ.

“ჩვენი მთავარი დანაპირები არის, რომ გაჩერებული ანაკლია, გაჩერებული ზუგდიდი, გაჩერებული პროექტები ავამუშაოთ, რასაც ვაკეთებდით, ის გავაკეთოთ. რომ არაფერი კეთდება და კეთდებოდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ჩვენ მოვალთ და ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამბობს ლევან კონჯარია.

“ქართული ოცნების პირობებში ზუგდიდს მოუსპეს განვითარების შესაძლებლობა. ზუგდიდს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, უნდა გაიზარდოს ზუგდიდს ბიუჯეტი. ზუგდიდელებს უნდა შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები”, – განაცხადა ანი წითლიძემ.

“მთავარია ის, რომ ყველა კანდიდატი არის პროფესიონალი თავისი საქმის. მაღალი კომპეტენციის მატარებელი და ასევე ძალიან უყვართ თავის რაიონში, სადაც წარდგენილი არიან”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“წარვადგინეთ უძლიერესი გუნდი ზუგდიდში, რომელიც იბრძოლებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. იბრძოლებს დასამარცხებლად იმ პირთა წრის, რომელიც დაეპატრონა ზუგდიდის რაიონს უკანასკნელი წლების განმავლობაში, საშოვარზე არიან მოსული და დაავიწყდათ, გამორჩათ მხედველობის არიდან მოსახლეობა. ქართული ოცნება ამ არჩევნებზევე უნდა ჩავაბაროთ წარსულს”, – განაცხადა ნიკა მელიამ კანდიდატების წარდგენისას.

გუშინ, 25 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარტვილში გამგებლობის კანდიდატად მამუკა დანელია წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი