ახალი ამბები

რა შეკითხვები აქვთ სტუდენტებს პრეზიდენტთან

10 მაისი, 2013 • 1326
რა შეკითხვები აქვთ სტუდენტებს პრეზიდენტთან

“ნეტგაზეთი” შეხვედრის დაწყებამდე შეეცადა გაერკვია, თუ რა სახის კითხვები აქვთ სტუდენტებს პრეზდენტთან. როგორც ირკვევა, შეკითხვების დიდი ნაწილი განათლების სფეროს და კონკრეტულად, თსუ-ს საკითხს შეეხება, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც პრეზიდენტთან პოლიტიკური შინაარსის კითხვები აქვთ: მაგალითად, თსუ-ს სტუდენტს ლაშა ექიზაშვილს აინტრესებს, თუ რა თანხებით აფინანსებდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2003-11 წლებში “ნაციონალურ მოძრაობას”.


პრეზიდენტთან შეხვედრას და მისთვის კითხვის დასმას აპირებს რუსეთიდან ცოტა ხნის წინ ჩამოსული სტუდენტი ნიკოლოზ ჯიოშვილი, რომელიც თსუ-ში ჩაირიცხება. მისი კითხვა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს შეეხება:

 

“მაინტერესებს, მოსწონს თუ არა პრეზიდენტს კ/ფ “ჯარისკაცის მამა” და ზოგადად, რა გრძნობებს იწვევს მასში 9 მაისი. მე მომეჩვენა, რომ ეს დღე საქართველოში გულცივად იყო აღნიშნული”.

 

ლევან გაბისონიას კი, რომელიც ასევე თსუ-ს სტუდენტია, აინტერესებს, თუ რატომ არ გადაიდგა გასული 9 წლის განმავლობაში კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოში მეცნიერების დარგები აღორძინებულიყო.

 

ანდრო ბარნოვი ამბობს, რომ წინასწარ განსაზღვრული არ არის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრა. მისი თქმით, სააკაშვილი აპირებს, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვას უპასუხოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე ჩაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი