ახალი ამბები

მელორ ვაჩნაძე: სააკაშვილი თსუ-ში დისკომფორტის გარეშე ვერ უნდა შევიდეს

10 მაისი, 2013 • 1263
მელორ ვაჩნაძე: სააკაშვილი თსუ-ში დისკომფორტის გარეშე ვერ უნდა შევიდეს

დღეს თსუ-ს პირველ კორპუსში პრეზიდენტი სტუდენტებს უნდა შეხვდეს. როგორც მელორ ვაჩნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან თავის მეგობრებთან ერთად, მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების უფლება ვერ მიიღო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ის კითხვები, რაც სააკაშვილისთვის დარბაზში უნდა დაესვა, დღეს უნივერსიტეტის ეზოში მეგაფონის მეშვეობით დასვას.

 

მელორ ვაჩნაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ პირადად მას და მის მეგობრებს ძალიან ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ, რომელიც ეხება გასული 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების ქმედებებს. მისი თქმით, მას აინტერესებს, თუ რას ემსახურებოდა წინა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რის გამოც “დაიხვრიტნენ ქუჩაში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები”, კითხვები შეეხება ასევე 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დაშლას.

 

“თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტოდ განწყობილი ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს იმისათვის, რომ სააკაშვილს შენობაში დისკომფორტის გარეშე შესვლის საშუალება არ მიეცეს,” – აცხადებს მელორ ვაჩნაძე.

 

მელორ ვაჩნაძე მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილთან გარკვეული სახის კითხვები აქვს, თსუ-ს პირველი კოპუსის ეზოში მივიდეს და ყოფილი პოლიტპატიმრების აქციას შეუერთდეს.

 

მისი თქმით, სააკაშვილი უნივერსიტეტში დაახლოებით 13:30 საათზე მივა და იქ რამდენიმე საათს დაჰყოფს.


ტრისტან წითელაშვილის თქმით, დღეს თსუ-ში აქციაში მონაწილეობას 190-ვე ყოფილი პოლიტპატიმარი მიიღებს.

 

მელორ ვაჩნაძე, გორგი გაბედავასთან ერთად, პირველი კორპუსის შიგნითაც იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მას განუმარტეს, რომ იგი შეხვედრას ვერ დაესწრებოდა, რადგან ეს მხოლოდ სტუდენტებისა და პრეზიდენტის შეხვედრა იყო, ყოფილმა პოლიტპატიმარმა იმ სტუდენტებს, ვინც შეხვედრაზე დასწრებას აპირებდნენ, მოუწოდა, რომ ყველა ის მწვავე კითხვა დასვან, რომელიც სააკაშვილის მიმართ საზოგადოებაში არსებობს, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საკითხზე და ყოფილი პოლიტპატიმრების თემაზეც.

 

ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე აცხადებს, რომ გუშინ დაუკავშირდა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს ნათია ბანძელაძეს და დღევანდელ შეხვედრაზე დასწრების უფლება ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ვაჩნაძის თქმით, მას დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება აქვს, რადგან არის მაგისტრატურის სტუდენტი, ხოლო გიორგი გაბედავა – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია.

 

ამ დროისთვის თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში პრეზიდენტის დაცვის წევრები და სამართალდამცველები, პატრულის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, უნივერსიტეტის შენობაში კი იმ სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრას უნდა დაესწრონ.

 

შეგახსნებთ, რომ 8 თებერვალს სწორედ ყოფილი პოლიტპატიმრები შეიკრიბნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც პრეზიდენტი უნდა მისულიყო და რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება პრეზიდენტის მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს შორის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი