ახალი ამბები

პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება

10 მაისი, 2013 • • 1050
პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდობის როლზე ისაუბრებს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.

 

როგორც “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება, მან ეს ფაქტი ღონისძიებაზე დასწრების მსურველი სტუდენტების დიდი რაოდენობით ახსნა და განაცხადა, რომ დარბაზში კამერების ადგილი არ იქნება. მისი თქმით, ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ექნებათ საშუალება, რომ სტუდენტებს გაესაუბრონ, ხოლო გააკეთებს თუ არა პრეზიდენტი მედიისთვის კომენტარს, უცნობია.

 

ბანძელაძის მტკიცებით, შეხვედრაზე ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტს კითხვა დაუსვას. მისი მტკიცებით, არავითარი სტუდენტთა წინასწარი სიები და შეთანხმებული კითხვები არ არსებობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა. ბანძელაძის განმარტებით, ეს დამოუკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს კითხვა–პასუხის რეჟიმი.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა  sms.tsu.ge-ზე ან უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tsu.edu.ge/register შეეძლოთ. ბანძელაძის მტკიცებით, რეგისტრაციის პროცესი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 9 მაისს, 00.00 საათზე დასრულდა.

 

“რეგისტრირებული სტუდენტები 10 მაისს, 12.00 საათზე უნდა გამოცხადდნენ თსუ-ს I კორპუსში და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი”, – ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა სტუდენტებთან დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე:

 

“მინდა, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგეს და არ წამოვიდე იქიდან, ვიდრე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას არ ვუპასუხებ. თუ შეკითხვებს წინასწარაც მომწერთ, უკეთ მომზადებული მოვალ მათზე საპასუხოდ.
ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები არ მიმართავთ თვითცენზურას და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დამისვამთ თუნდაც იქვე მოფიქრებულ შეკითხვებს,” – წერს ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი