ახალი ამბები

თეა წულუკიანი: არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს

10 მაისი, 2013 • • 5059
თეა წულუკიანი: არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს

თეა წულუკიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “დიალოგში” განაცხადა, რომ  ლგბტ პირებმა აქცია უნდა დაგეგმონ ისე, რომ არ მოხდეს ექსცესები და ეს არ იყოს გამაღიზიანებელი.

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა:

 

“არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს. ეს არის უპირველესი საფუძველი ცივილიზებული საზოგადოების. ჩვენი თვალთახედვის არე უნდა მთავრდებოდეს გარკვეული ოთახის კარებთან. ამის იქით ჭვრიტინი არის უხამსობა და უმსგავსობა. ხდება ასეთი რაღაცეები, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მოსწონს არა ქალი, არამედ – კაცი. ეს არსებობს და არ არის გამოგონილი. როცა ადამიანი ასეთი განცდით იღვიძებს და აცნობიერებს, რომ არის უმცირესობა, ამის გამო არ შეიძლება მას ვინმე თავს დაესხას და სცემოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა. მჯერა, რომ ეს არ არის ქართული საზოგადოების სახე. სოციალურ ქსელებში არის დისკუსია, საზოგადოების უმრავლესობა იზიარებს, რომ ძალადობა მისაღები არ არის და ეს არის სირცხვილი. შეკრების თავისუფლება აქვს ყველას. თუკი ისინი არ არღვევენ კანონს. არ მოუწოდებენ შუღლისაკენ, იმის მიუხედავად, როგორი მრწამსის და სექსუალური ორიენტაციის არის ადამიანი, აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი”. 

 

წულუკიანის თქმით, დღეს მშობლები ასეთ შვილებს, რომლებიც ხვდებიან, რომ არიან სექსულური უმცირესობა,  სახლიდან აგდებენ და ისინი იძულებული ხდებიან, პროსტიტუციით დაკავდნენ: “საქართველოში ძალადობა ადამიანზე მშობლების მხრიდან ამ ვითარებაში არის.” 

 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” წარმომადგენელს:

 

“იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს დაძაბული კონტექსტი, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა და საზოგადოების უფლებადამცველმა ნაწილმა დიდი კომუნიკაციური სამუშაო უნდა ჩაატაროს ორი მიმართულებით, რომ ადამიანებმა საბოლოოდ გაითავისონ, რომ არსებობს აბსოლუტურად დაცული პირადი ცხოვრება და არსებობს უარი ძალადობაზე, თუ ჩვენ ვართ ცივილიზებული საზოგადოება.

 

ვეთანხმები აზრს, რომ ამ დაძაბულ კონტექსტში მათ მაქსიმალურად გონივრულად უნდა დაგეგმონ აქცია. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმ ორ ძირითად პრინციპზე, რაც ვახსენე, რომ არა ძალადობას და ყველას აქვს დაცული პირადი ცხოვრების უფლება, მაშინ ყველამ უნდა იკისროს თავისი ვალდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ მჯერა, პოლიცია შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ შეიძლება, რომ გამოსვლა იყოს გამომწვევი და გამაღიზიანებელი, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ისედაც გაღიზიანებულია. მე მათ მოვუწოდებდი ზომიერებისკენ. ძალადობას უნდა ვუთხრათ უარი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით ჯუნგლები.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი