ახალი ამბები

რა ხარვეზებზე საუბრობს საია პირველ წინასაარჩევნო ანგარიშში

25 აგვისტო, 2017 • 1652
რა ხარვეზებზე საუბრობს საია პირველ წინასაარჩევნო ანგარიშში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 25 აგვისტოს, წინასაარჩევნო გარემოს პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს. როგორც საიაში აცხადებენ, ანგარიშში ასევე ასახულია ის ფაქტები, რომელთაც ადგილი ჰქონდა 1 ივნისამდე, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოს სრულყოფილად წარმოჩენისათვის.

საიას განცხადებით, ორგანიზაციის ცენტრალური და რვა რეგიონული ოფისის მეშვეობით წინასაარჩევნო პროცესებს თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე -ჯავახეთსა და სამეგრელოში 20-მდე მონიტორის მეშვეობით ახორციელებდა.

საკანონმდებლო ჩარჩო

გუნდში შეუთანხმებლობის მოტივით, არსებული ყველა მოლოდინისა და საკონსტიტუციო პროექტის თავდაპირველი ვარიანტის საწინააღმდეგოდ, მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემაში არსებითი ცვლილებები 2024 წლამდე გადადო და ისევ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნა, ხოლო პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესის ამოქმედება 2023 წლისთვის გადაიდო. საიას განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ დისკუსიებმა და მმართველი პარტიის პოზიციამ კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზება. ამასთან, როგორც საიას ანგარიშში ვკითხულობთ, ნათელია, რომ კონსტიტუციის მიღება ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობის პირობებში საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2017 წლის ივნისში, საქართველოს ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც, საიას შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა დეცენტრალიზაციის რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევას.

საიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, რაც პრობლემურია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ სანდოობის შენარჩუნების კუთხით, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება. აღნიშნული ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან შევა ძალაში.

მუქარა, ზეწოლა და ფიზიკური ანგარიშსწორება

სიას საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 2 ფიზიკური ანგარიშსწორების, 2 აგიტაციაში ხელშეშლის, 1 სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და 1 სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წარმომადგენლების მიმართ.

საიას განცხადებით, 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე არსებობდა ძალადობის გარკვეული რისკები, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო იქ მყოფ პირთა უსაფრთხოება, რასაც საია პოზიტიურად აფასებს.

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ გამოყენების ფაქტები

საიას განცხადებით, მონიტორინგის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ზრდა დაფიქსირდა: “მართალია, საარჩევნო კანონმდებლობით მსგავსი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აჩენს ეჭვს, რომ ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები არჩევნებს უკავშირდება.”

საიას მონიტორებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საანგარიშო პერიოდში ახორციელებდნენ. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მსგავსი სოციალური პროექტები მოკლე პერიოდზეა გათვლილი, ემთხვევა საარჩევნო პერიოდს და, სავარაუდოდ, ამომრჩევლის გულის მოგებას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აქტიურად ხვდებოდნენ მოსახლეობას, ეცნობოდნენ მათ დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრებოდნენ. სიას შეფასებით, მსგავი აქტივობები კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მაჟორიტარები და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები ყოველთვის აქტიურ კომუნიკაციაში უნდა იმყოფებოდნენ ამომრჩევლებთან და მხოლოდ საარჩევნო პერიოდში არ უნდა აქტიურდებოდნენ.

მედიაგარემო

ბოლო პერიოდში რამდენიმე მსხვილი მედია გაერთიანდა, რაც, საიას შეფასებით, ასევე აისახა მათ სარედაქციო პოლიტიკაზე: “ცვლილებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რადგან ეს კონკრეტული ტელევიზიები მიჩნეულნი არიან, როგორც მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელ მაუწყებლებად, რომელთა გაერთიანებაც ამ კუთხით არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.”

მონიტორინგის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას საავტორო გადაცემები, რაც სავარაუდოდ განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საკუთრების ირგვლივ სასამართლოში 2015 წელს დაწყებული დავა ეროვნულ დონეზე დასრულდა მოსარჩელის გამარჯვებით, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის მარტში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა მის მიერ დავის ირგვლივ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საარჩევნო ადმინისტრაცია

როგორც საიას განცხადებაშია ნათქვმი, საანგარიშო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციამ საინიციატივო ჯგუფებს გორსა და თელავში, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციას ­ოზურგეთში უარი უთხრა რეგისტრაციაზე, ვინაიდან რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის არჩევნების თარიღი არ იყო ცნობილი და არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი აქტი არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა დავებმა გამოავლინა მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური გაერთიანებებისა და საინიციატივო ჯგუფების საარჩევნო რეგისტრაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში არასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში ჩართულობას უკავშირდება.

გამოკვეთილი პრობლემებიდან და დაფიქსირებული დარღვევებიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებიც სიას მოსაზრებით, დაეხმარება საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს მიღწევების განმტკიცებასა და დარღვევების აღმოფხვრაში.

ხელისუფლების ორგანოები

  • არ უნდა დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
  • უნდა უზრუნველყონ თანაბარი წინასაარჩევნო გარემო საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა პარტიისა და კანდიდატისთვის;
  • არ უნდა დაუშვან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება;
  • უნდა უზრუნველყონ დასაქმებული პირების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები

  • საარჩევნო სუბიექტებმა და მათმა მხარდამჭერებმა თავი უნდა შეიკავონ დაპირისპირებისა და ძალადობისაგან, ასევე, ისეთი განცხადებებისა და მოქმედებებისგან, რომლებიც წაახალისებს ან შეიწყნარებს ამგვარ ძალადობას;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მხარდამჭერების დისტანცირება სხვა პარტიისა და კანდიდატების მიერ ორგანიზებული შეხვედრებისგან, ასევე, თავიდან უნდა აირიდონ ნებისმიერი სახის ხელშეშლა აგიტაციაში და ძალადობა.

სამართალდამცავი ორგანოები

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაიცვან საარჩევნო პროცესში მონაწილე პირები ძალადობისა და ნებისმიერი უკანონო ზემოქმედებისგან, ასევე, უნდა უზრუნველყონ საარჩევნო გარემოს უსაფრთხოება;
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტები იყოს დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებული;
  • ასევე, მათ უნდა გამორიცხონ მიკერძოების აღქმა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიმართ.
  • ისევე როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა კვლავ გამოსცეს ბრძანება არჩევნების თავისუფალ, მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ხოლო პოლიციელებმა გაიარონ სპეციალური მომზადება საარჩევნო პერიოდში ჩადენილი სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით. სასურველია მოხდეს პოლიციელთა აღჭურვა შესაბამისის ტექნიკით (მათ შორის სამხრე კამერებით).

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ორგანიზაცია აგრძელებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებას ამ პროცესში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების და სახელმწიფოს მხრიდან მათზე განხორციელებული ქმედებების შესახებ.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (NED) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მათი განმარტებით, ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

საიას მიერ მომზადებული წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი